
პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო–ესტონეთის ბიზნეს–ფორუმზე, ესტონური ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს საქართველოში არსებული ბიზნეს გარემო გააცნო.
პრემიერის თქმით, საქართველოში საქმიანობის დასაწყებად კარგი საფუძველი არსებობს.
გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, 2015 წელს ესტონური პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში ექვსჯერ, ხოლო 2016 წელს 52%-ით გაიზარდა.
მისივე ინფორმაციით, 2017 წლის პირველ 9 თვეში საქართველო-ესტონეთის სავაჭრო ბრუნვა თითქმის 6%-ით გაიზარდა.
„მართალია, ინვესტიციებისა და ვაჭრობის მოცულობა მცირეა, მაგრამ დინამიკა ნამდვილად იმედისმომცემია და არსებობს ზრდის საკმარისზე მეტი შესაძლებლობა.
გამოვთქვამ იმედს, რომ დღევანდელი ფორუმი იქცა განსაკუთრებულ პლატფორმად საქართველოში არსებული ახალი შესაძლებლობების შესასწავლად და ახალი ბიზნეს ინიციატივების წამოსაწყებად. ჩვენი მთავრობა მზად არის ჩვენს ქვეყანაში ესტონური ინვესტიციების გაზრდისთვის ყველა აუცილებელი დახმარებისა და მხარდაჭერისთვის. მე გულწრფელად მწამს, რომ ჩვენ შევძლებთ ჩვენი ტრადიციული მეგობრობის გაღრმავებას და მტკიცე ეკონომიკური პარტნიორობის შექმნას ჩვენი ერების საკეთილდღეოდ“,–აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
Share