
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, გასული წელი ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიისთვის განსაკუთრებით წარმატებული იყო - საქართველოში ექვს მილიონზე მეტი მგზავრია გადაყვანილი.
მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობის სწორი პოლიტიკის და სამოქმედო გეგმის შედეგად წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები პარტნიორ საერთაშორისო ავიაკომპანიებთან და შედეგად, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებიდან მეტი ახალი პირდაპირი ავიარეისები ხორციელდება, განსაკუთრებით ევროპის მიმართულებით.
„ჩვენ უზრუნველვყავით, რომ გაიზარდა სიხშირეები ჩვენთვის მნიშვნელოვან დანიშნულების ადგილებამდე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვხედავთ, რომ გაზრდილი საჰაერო მიმოსვლით ჩვენს ქვეყანაში იზრდება საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მთავარი სტრატეგია დივერსიფიკაციის პოლიტიკაა, ძალიან სასიხარულოა, რომ ვხედავთ კიდევ უფრო მეტ ევროპულ პირდაპირ რეისებს ჩვენს ქვეყანაში, ისევე, როგორც მზარდია პირდაპირი სიხშირეების რაოდენობა ყურის ქვეყნებიდან", - აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.
აღსანიშნია, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ შეჯამებული მონაცემების მიხედვით, 2023 წელს საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით რეკორდული რაოდენობის - 6 013 995 მგზავრს მოემსახურა. 2023 წელს მიღებული მგზავრების რაოდენობა 35%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე და 15%-ით აღემატება 2019 წელს დაფიქსირებული მგზავრთნაკადის მაჩვენებელს.
რაც შეეხება 2023 წლის სტატისტიკას აეროპორტების მიხედვით: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 3 694 052 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23%-ს შეადგენს, აეროპორტი 100%-ით დაუბრუნდა 2019 წელს დაფიქსირებული მგზავრების რაოდენობრივ მაჩვენებელს (ზრდა 0.05%-ს შეადგენს). ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გადაყვანილ იქნა 1 671 198 მგზავრი, ზრდა 2022 წელთან შედარებით 110%-ს შეადგენს, 2019 წელთან შედარებით კი, აეროპორტი 91%-ით მეტ მგზავრს მოემსახურა. ასევე დადებითი დინამიკა აღინიშნება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც - ის 621 514 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2022 წელთან შედარებით 0.75%-ია, 2019 წელთან მიმართებაში კი აღდგენის მაჩვენებელი 99.58%-ს შეადგენს.
2024 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში 43 ავიაკომპანია ოპერირებს 89 მიმართულებით. ამასთან, მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ასევე დაგეგმილია არაერთი ახალი პროექტი.
„ეს უზრუნველყოფს საავიაციო ინფრასტრუქტურის ზრდას, რომ ის გახდეს კიდევ უფრო თანამედროვე და კეთილმოწყობილი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ავიასექტორის მეტად გაძლიერებას. ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს ახალ პარტნიორ ავიაკომპანიებთან, რათა საქართველოში ვნახოთ კიდევ უფრო მეტი ახალი ავიაკომპანია, მეტი პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ჩვენთვის მნიშვნელოვან ქვეყნებთან და შედეგად, მეტი საერთაშორისო მოგზაური", - აღნიშნავს მინისტრის მოადგილე.
Share