
საქართველო იდეალურადაა განლაგებული აზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელი როლის შესასრულებლად, რაც უზრუნველყოფს წვდომას საკვანძო ბაზრებზე არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნებისთვის, არამედ ჩინეთისა და ევროკავშირისთვისაც. შუა დერეფნის შემდგომი განვითარება, როგორც ევროპა-აზიის მიმოსვლის მოკლე, საიმედო და მიმზიდველი ვარიანტი, ჩვენთვის პრიორიტეტული საკითხია, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა ბრიუსელში მიმდინარე მაღალი დონის ინვესტორთა ფორუმის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
გურამ გურამიშვილი ფორუმის ფარგლებში დღეს ჩატარებული თემატური სესიის „სამხრეთ კავკასია და თურქეთი: ძლიერი დამაკავშირებელი ხაზი ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის“ ერთ-ერთი მომხსენებელი იყო. თავის გამოსვლაში მან ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის სატრანსპორტო კავშირების განვითარების მნიშვნელობასა და ამ პროცესში საქართველოს, როგორც „შუა დერეფნის“ საკვანძო მონაწილის შესახებ ისაუბრა. ამ კუთხით ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა საზღვაო ტრანსპორტის დარგის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების საჭიროებაზე.
„ევროპასა და ჩინეთს შორის ვაჭრობის საქონლის უმეტესი ნაწილი საზღვაო ტრანსპორტით ხდება, რაც მთლიანი მოცულობის დაახლოებით 80-85%-ს შეადგენს. მისი თუნდაც მცირე ნაწილის შუა დერეფანში გადამისამართება ხელშესახებ გავლენას მოახდენს. ეს მოითხოვს კოორდინირებულ ზომებს მთელ დერეფანში შესაბამისი შესაძლებლობებისა და ეფექტურობის უზრუნველსაყოფად. შუა დერეფნის განვითარების საგზაო რუკა უკვე არსებობს და მასში ჩამოთვლილია 2027 წლამდე განსახორციელებელი კონკრეტული ღონისძიებები“, - განაცხადა გურამ გურამიშვილმა.
Share