
ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისების აკრძალვის თაობაზე კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთებასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას ნეგატიურად აფასებს.
როგორც ხუხაშვილმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, აღნიშნულ საკითხზე საზოგადოება როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხრიდან, აბსოლუტურად პოპულისტურ მონოლოგს ისმენს.
„პირველ რიგში პროცესს შევაფასებდი ნეგატიურად. ჩემი აზრით ორივე მხრიდან მეტია პოპულიზმი, ვიდრე რეალური სახელმწიფოებრივი ზრუნვა. საკონსტიტუციო პროცესი, რომელიც მუდმივი დოკუმენტია, რომლითაც არსებობს ქვეყანა, წინასაარჩევნო იწილო-ბიწილოს საგანი ხდება. ჩვენ ახლა ვისმენთ ორ მონოლოგს, აბსოლუტურად პოპულისტურს, არცერთი არ ემყარება შინაგან რწმენას და არც მეორე ჩემი აზრით. სინამდვილეში როგორც დამახასიათებელია საქართველოსთვის და მისი უახლოესი ისტორიისთვის, აი ამ ორ მონოლოგში ჭეშმარიტება ყოველთვის კადრს მიღმა რჩება და ასე ვთქვათ, ამ სიტუაციაში ცხოვრობს ეს ქვეყანა. არცერთ აზრს არ ვიზიარებ, რომ არ უნდა გაიყიდოს და არც იმას ვიზიარებ, რომ უნდა გაიყიდოს. მით უმეტეს, რომ ამის მსოფლიო გამოცდილება არსებობს ძალიან დიდი ევროპის ქვეყნებშიც ძალიან რთულია მიწის შეძენა, მაგრამ შეუძლებელი არ არის. აქ უნდა გავითვალისწინოთ ჩვენ ის პრაქტიკა, რაც არსებობს ამ სფეროში, დავაზღვიოთ ის საფრთხეები რაც შეიძლება ახლდეს მიწის რეალიზაციას, ანუ სპეკულაციური ოპერაციები და ა.შ. და დავტვირთოთ უმკაცრესი საინვესტიციო პირობებით. ქვეყნის ინტერესი მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით, ერთჯერადი გაყიდვიდან აღებული ფული კი არ არის, ინტერესია, რომ ეს მიწა მერე მუშაობდეს და მასზე დასაქმებული იყვნენ ადამიანები. ეს არის მიწის დანიშნულება. შესაბამისად, უაპელაციოდ არ ავკრძალავდი მიწის გაყიდვას, მაგრამ უცხოელებისთვის დავაზღვევდი უმკაცრესი საინვესტიციო პირობებით, თუ ასეთი პირობებით ვინმე იყიდის მიწას, იყიდოს კი ბატონო“,-განაცხადა ექსპერტმა.
„ექსპრესნიუსის“ კითხვაზე - „აღნიშნული გადაწყვეტილება ეკონომიკურად ხომ არ დააზარალებს ქვეყანას?“ ექსპერტმა აღნიშნა, რომ „არაფერი დრამატული არ მოხდება“.
„აკრძალავენ, ვერ იყიდიან უცხოელები და ამით სისტემურად არაფერი შეიცვლება. არ მგონია, რომ თუ უცხოელებს ვაყიდინებთ მიწას, იბერია გაბრწყინდება. ამის პერსპექტივასაც ვერ ვხედავ. მიწის გაყიდვა, რომ გვაქვს დაშვებული, არ ვფიქრობ, რომ რიგი დგას ამ მიწაზე. არ არის ქართულ მიწაზე ბუმი, რომ ვიღაცა კბილებს ილესავდეს, იყიდოს ქართული მიწა. ეს არის ჩვენი ირაციონალური და პროვინციალური მიდგომები, რაც არასწორია“, - აღნიშნა ხუხაშვილმა.
იგი უცხოელებზე მიწის გაყიდვის კონსტიტუციით აკრძალვას ხისტ გადაწყვეტილებას უწოდებს და აცხადებს, რომ ამ საკითხის დარეგულირება ჩვეულებრივი კანონმდელობითაც შესაძლებელია.
„კონსტიტუციით აკრძალვას რაც შეეხება, ეს იმდენად ხისტი გადაწყვეტილებაა, რომ ინტერესი რომ გაჩნდეს მომავალში, ისევ კონსტიტუცია გვაქვს გადასახედი და რად გვინდა? რატომ აგვყავს ასეთ მაღალ დონეზე?! ხომ შეიძლება ჩვეულებრივი კონონმდებლობით ამ გადაწყვეტილების მიღება, დაარეგულირე ჩვეულებრივი კანონმდებლობით, იმიტომ რომ შეიძლება კონიუქტურა შეიცვალოს, შეიძლება რაღაც ეტაპზე იმდენად განვვითარდეთ, რომ მოგვინდეს უცხოელების მოზიდვა სოფლის მეურნეობაში. არ მესმის ამ მანევრის საშუალებას რატომ იზღუდავენ. დღეს ასე გინდა გააკეთე, მაგრამ დატოვე მანევრი, რომ რაღაც ეტაპზე ეს ყველაფერი შეიცვალოს. რაღად უნდა ამას კონსტიტუციის ჭრა და კერვა. ეს ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ, ერთჯერადი მოხმარებისთვის სჭირდება“,-განაცხადა გია ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, კონსტიტუციაში გაკეთდება ჩანაწერი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისება აკრძალვას ითვალისწინებს. ცვლილებები არ შეეხება უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებს, ვინც სახნავ-სათეს მიწებს უკვე ფლობს.
Share