
ბრიტანულმა სამოგზაურო მედია პლატფორმამ TimeOut მსოფლიოს ულამაზესი 16 პატარა ქალაქი დაასახელა. მსოფლიოში პოპულარულ ტურისტულ ქალაქებს შორის სტეფანწმინდაც მოხვდა.
„დახვეწილი, ჯადოსნური და ძალიან ლამაზი ადგილები - ნეპალის მთებიდან კალიფორნიის სანაპირომდე ამ ქალაქების სახით თქვენ დამალულ განძს იპოვით“,- წერს მოგზაური მწერალი ინდია-ჯეინ ტრაინორი.
„სტეფანწმინდა, რომელიც ასევე ყაზბეგის სახელით ცნობილია, კავკასიის მთების ხეობაში მდებარეობს. სტეფანწმინდა პირდაპირ უყურებს საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ადგილს, მე-14 საუკუნეში აგებულ გერგეტის სამების ტაძარს. ბორცვზე აშენებული ეკლესიის გადაღმა მყინვარწვერი მდებარეობს. ეს არის შორეული, ამავდროულად ისტორიული ადგილი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს გზაჯვარედინზე, ევროპასა და აზიას შორის მდებარეობს, დასახლება ძვ.წ. მე-6 საუკუნით თარიღდება.
სტეფანწმინდა იდეალური ადგილია, შეისწავლოთ ყაზბეგის ეროვნული პარკი, ჩანჩქერები, ცხელი წყაროები და გულის ფორმის ტბა“,- წერს სტატიის ავტორი.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
Share