4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
12:54:18

თბილისში „აბრეშუმის გზის“ ფორუმი მიმდინარეობს

By: Admin
2017-11-29 21:57:42
204

მიმდინარე წლის 28-29 ნოემბერს, საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის პატრონაჟით ტარდება თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი. 2017 წლის ფორუმი 2015 წლის თბილისის აბრეშუმის ფორუმის გაგრძელებაა და წარმოადგენს მაღალი დონის სამთავრობო და ბიზნესის ბიზნესთან დიალოგის და, ასევე, სახელმწიფოებს, ორგანიზაციებსა და ბიზნესებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრების პლატფორმას. 2017 წლის აბრეშუმის გზის ფორუმზე დასასწრებად თბილისში ჩამოდის 34 ოფიციალური დელეგაცია, 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე დელეგატი.

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში 28 ნოემბერს 11.45 საათზე თბილისის ოპერისა და ბალეტის ეროვნულ თეატრში გაიმართება პანელი: „ვაჭრობის ხელშეწყობა სარტყელი და  გზის ინიციატივების ფარგლებში“ (1-ლი სესია: ვაჭრობის ხელშეწყობა), რომელსაც მოდერატორობას გაუწევს ცნობილი ჟურნალისტი, BBC World News ახალი ამბების წამყვანი აარონ ჰესელჰარსტი. პანელში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე ციან კემინგი,  სლოვაკეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილე დანა მიგერი, უკრაინის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრის  მოადგილე ნატალია მიკოლსკა,  WTO-ს გენერალური დირექტორის მოადგილე ი ქსიოჟუნი და Gulf Cooperation Council-ის გენერალური დირექტორის  თანაშემწე პოლიტიკური ურთიერთობებისა და მოლაპარაკებების საკითხში დოქტორი აბდელ აზიზ ჰამად ალუეიშეგი.

პანელი მოხსენებების შემდეგ დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდება, ამასთან მონაწილეები უპასუხებენ დასმულ შეკითხვებს. პანელზე მოხდება შემდეგი საკითხების განხილვა: მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცის ვაჭრობის ხელშეწყობის შეთანხმება და მისი ვაჭრობაზე ზეგავლენა აბრეშუმის გზის ინიციატივა ფარგლებში; როგორ შეიძლება ვაჭრობის გაზრდა აბრეშუმის გზის ქვეყნებში, რა ინსტრუმენტების გამოყენებაა შესაძლებელი რეგიონალური ვაჭრობის გასავითარებლად; თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ორმხრივი და რეგიონალური შეთანხმებები - რეგიონალური ვაჭრობის გათავისუფლებისა და განვითარების, მათ შორის სავაჭრო ბარიერების მოხსნის საფუძველი; რა როლი ენიჭება საერთაშორისო ორგანიზაციებს ქვეყნებს შორის ვაჭრობის განვითარებაში; კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლება მათი ჩართვით საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვებში; აბრეშუმის გზის და სხვა ქვეყნების ვაჭრობის ხელშეწყობის გამოწვევები და შესაძლებლობები.              

პანელის მიზანია, მოხდეს რეგიონალური ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნების გაზიარება. ამასთან, გაიცემა რეკომენდაციები რეგიონალური ვაჭრობის ხელშეწყობის გამოწვევების დასაძლევად. საუბარი შეეხება ასევე რეგიონალური და საერთაშორისო ვაჭრობის მასტიმულირებელ ერთობლივ ინიციატივებს, მათ შორის ვაჭრობის ლიბერალიზაციის მიმართულებით და ქვეყნებს შორის ვაჭრობის გაზრდის ფინანსურ ინსტრუმენტებს. მოხდება საერთაშორისო ვაჭრობაში კერძო კომპანიების ჩართვის საუკეთესო გზების დადგენა.

"აბრეშუმის გზის ქვეყნებს შორის და დანარჩენ ქვეყნებთან კიდევ უფრო ღრმა ეკონომიკური ინტეგრირება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გაიზარდოს ამ ქვეყნების წვლილი საერთაშორისო ეკონომიკასა და მდგრად განვითარებაში.

ყველა ქვეყანამ, რომელმაც მიაღწია ზრდასა და კეთილდღეობას, თავის დროზე საკუთარი ბაზრები ვაჭრობისა და ინვესტიციებისთვის ხელმისაწვდომი გახადა. ვაჭრობის ლიბერალიზაციითა და პერსპექტიულ სფეროებში კაპიტალიზაციით ქვეყანას შეუძლია ეკონომიკური სარგებელი ნახოს. ამ მიმართულებით ქვეყნებმა უკვე გადადგეს მნიშვნელოვანი ნაბიჯები რეგიონის ქვეყნებს შორის  რეგიონალური და ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების გაფორმებით, რაც სავაჭრო ბარიერების მოხსნის საფუძველია და აფართოებს შიდა რეგიონული ვაჭრობას. ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველომ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ ხელი მოაწერეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ასევე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აზიასა და ევროპას შორის ვაჭრობას, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველომ ხელი მოაწერა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნებთან, თურქეთთან და დსთ-ს ქვეყნებთან.

სატრანსპორტო და სავაჭრო ადმინისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯების მაღალი ღირებულება დღევანდელ გლობალური ვაჭრობისთვის უფრო დიდ დაბრკოლებად იქცა, ვიდრე უშუალოდ გადასახადები. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ვაჭრობის ხელშეწყობის შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება მნიშვნელოვანია გამჭვირვალობის გაუმჯობესების, გლობალური ღირებულების ჯაჭვებში მონაწილეობის შესაძლებლობების გაზრდის და აბრეშუმის გზის ქვეყნებში კორუფციის შესამცირებლად. ვაჭრობის ხელშეწყობით აბრეშუმის გზის აღდგენა-რეაბილიტაცია ყველა მონაწილე ქვეყანას მოუტანს უზარმაზარ სარგებელს, რადგან ეს ტრანსპორტირების დროს რამდენჯერმე შეამცირებს, შეამცირებს ვაჭრობის ტრანზიტის ღირებულებას და გაზრდის ტრანსპორტის საიმედოობას. ეს ნიშნავს, რომ შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, განვითარდება ღირებულების დამატებითი სერვისების განვითარება, გამოვლინდება ბიზნეს სექტორის ახალი, გლობალური ღირებულების ჯაჭვებში ჩართვის შესაძლებლობები და გაიზრდება სოციალური კეთილდღეობა.

გლობალური მიწოდების ქსელების ინტერნაციონალიზაცია და ინტეგრაცია ძალზე მნიშვნელოვანია აბრეშუმის გზის ქვეყნების ეკონომიკური პოტენციალის სრულფასოვანი გამოყენებისთვის, რაც ჯერ კიდევ არ არის მიღწეული. მწარმოებლებს შესაძლებლობა მიეცემათ, დროულად მიიღონ ცოდნა და ინფორმაცია ხარისხის სტანდარტებსა და ტექნოლოგიებზე, რითაც აამაღლებენ საკუთარ კონკურენტუნარიანობას. რეგიონის ბაზრის პოტენციალის შემდგომი ზრდა და განაღდება მნიშვნელოვნად დამოკიდებულია სტრუქტურულ რეფორმებზე, რეგიონის ეკონომიკური ბაზის დივერსიფიკაციაზე, ასევე გლობალური მიწოდების ჯაჭვებში ჩართვაზე და სხვადასხვა ქვეყნის კერძო სექტორებს შორის ეკონომიკური კავშირების დამყარებაზე. ეს უზრუნველყოფს შედარებითი უპირატესობების გამოყენებას და, შესაბამისად, აბრეშუმის გზის ქვეყნების გრძელვადიან მდგრად განვითარებასა და ეკონომიკურ ზრდას.

საერთაშორისო ორგანიზაციების როლი ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსების თვალსაზრისით. არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთა მიზანია გლობალურ დონეზე საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერა. ასეთი ტიპის ორგანიზაციაა, მაგალითად, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, რომელიც, პირველ რიგში, ეხმარება ქვეყნებს საერთაშორისო ვაჭრობის მარეგულირებელ სისტემის ჩამოყალიბებაში და ხელს უწყობს წევრ სახელმწიფოებს შესაძლებლობების გაზრდას საერთაშორისო ვაჭრობაში. მსოფლიო ბანკის ჯგუფი, რომელიც შედგება 5 საერთაშორისო ორგანიზაციისაგან, როგორიცაა IBRD, IDA, IFC, MIGA და ICSID, არის კორპორატიული ინსტიტუტი, რომელიც ხელს უწყობს საერთაშორისო ვაჭრობის მრავალი კონკრეტული სფეროს განვითარებას და განვითარებად ქვეყნებში აფინანსებს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება, გარემოს დაცვა, ინფრასტრუქტურა და სხვა.

მსოფლიო საბაჟო ორგანიზაცია ასევე მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, რომელიც მნიშვნელოვნად მონაწილეობს  საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებაში და განსაკუთრებით საბაჟო საკითხებზეა ფოკუსირებული. მისი ძირითადი ფუნქციებია საერთაშორისო ვაჭრობის  ხელშეწყობა გლობალური საბაჟო სტანდარტების შექმნისა და საბაჟო პროცედურების გამარტივებისა და ჰარმონიზაციის გზით. მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა, ასევე, საერთაშორისო სავაჭრო ცენტრი, რომელიც საშუალებას აძლევს მცირე ბიზნესს ჩაერთოს გლობალური ღირებულების ჯაჭვებში და მნიშვნელოვანი სარგებელი ნახოს საერთაშორისო ვაჭრობიდან განვითარების მდგრადი და ინკლუზიური გზის არჩევით",-ნათქვამია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

(NS)

Share