
მიმდინარე წლის 28 ნოემბერს, სპორტული კომპლექსის "ახალი თბილისი" ტერიტორიაზე, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გახსნა გაიმართა.
ღონისძიება საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით და ვითიბი ბანკის მხარდაჭერით შედგა. ოლიმპიადა სკოლის მოსწავლეების ყველაზე მასშტაბური სპორტული შეჯიბრია, ის მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება. წელს მონაწილეობას 1700 სკოლის ასი ათასამდე მოსწავლე იღებს. ღონისძიება საზეიმოდ გახსნა და შეკრებილ ბავშვებს სიტყვით მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
კალაძის განცხადებით, ქვეყანაში სპორტის განვითარება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება ძლიან მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, ამ მიმართულებით მერიის მხრიდან მაქსიმალური თანადგომა და ხელშეწყობა იქნება:
„ზოგადად, მივესალმები ჩვენს ქვეყანაში მასობრივი სპორტის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების დანერგვას. შეიძლება ყველა პროფესიონალი სპორტსმენი ვერ გამოვიდეს, მაგრამ ჯანსაღი ცხოვრების წესი, ნებისმიერი ახალგაზრდისთვის, მომავალი თაობებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად, მე ძალიან მიხარია, რომ 2018 წელს ჩვენი დედაქალაქი იქნება მასპინძელი სასკოლო სპორტული ოლიმპიადის და ზოგადად ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალური ხელშეწყობა და საარჩევნო პროგრამაში შემთხვევით არ გვქონდა გაჟღერებული, რომ დედაქალაქის 10-ვე რაიონში ვაპირებეთ მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსების მშენებლობას. ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარებისთვის, ჩვენი მხრიდან მაქსიმალური თანადგომა და ხელშეწყობა იქნება“,-განაცხადა კახი კალაძემ და ვითიბი ბანკს სპონსორობისთვის მადლობა გადაუხადა.
თავის მხრივ, ვითიბი ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ განაცხადა, რომ მათი სურვილი იყო, ქართული სპორტისთვის მხარი კიდევ უფრო აქტიურად დაეჭირათ, რის გამოც საქართველოში ყველაზე მასშტაბური სპორტული ღონისძიების სპონსორი გახდნენ:
„ვითიბი ბანკი ძალიან აქტიურად უჭერს მხარს ქართულ სპორტს, ჩვენ ხუთი სპორტული ფედერაციის და ასევე ეროვნული ნაკრებების სპონსორები ვართ. ამასთან ერთად დიდი სურვილი გვქონდა, კიდევ უფრო მეტად დაგვეჭირა მხარი საბავშვო სპორტის განვითარებისთვის საქართველოში, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი ჯანსაღი თაობის აღზრდისთვის. სასკოლო ოლიმპიადა ყველაზე მასშტაბური სპორტული ღონისძიებაა მოზარდებისთვის, რომელიც საქართველოში იმართება, ამიტომ გადავწყვიტეთ გენერალური სპონსორობა გაგვეწია მათთვის“,-აღნიშნა ვითიბი ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ.
ოლიმპიადა 9 სპორტის სახეობას აერთიანებს. ფინალში გამარჯვებული მოსწავლეები სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატებზე მიემგზავრებიან, რომელიც მსოფლიოს სხვადსხვა ქალაქში იმართება.
2017 წელს სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას უმასპინძლა ქუთაისმა, ხოლო 2018 წელს ეს საპატიო ფუნქცია თბილისს ერგო, რის აღსანიშნავადაც სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენელმა სიმბოლურად ოლიმპიადის დროშა თბილისის მერს კახა კალაძეს გადასცა.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დახმარებით ხორციელდება.
®
Share