-1.16 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-18  
09:12:06

პრემიერი: 10 თვეში 4,9%-იანი ეკონომიკური ზრდა, რეგიონული მასშტაბით საუკეთესო შედეგია

By: Admin
2018-09-07 12:40:29
204

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებულ მონაცემებს გამოეხმაურა.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის ოქტომბრის თვის ეკონომიკურმა ზრდამ 5,7 % შეადგინა, ხოლო ათ თვეში 4,9%-იანი ზრდა დაფიქსირდა,  რაც პრემიერის შეფასებით, რეგიონული მასშტაბით საუკეთესო შედეგია:

,,კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი, რომელიც დღეს დილით გამოქვეყნდა. წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის ოქტომბრის თვის ეკონომიკურმა ზრდამ 5,7 % შეადგინა. ათ თვეში 4,9%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ეს არის რეგიონული მასშტაბით საუკეთესო შედეგი და, რა თქმა უნდა, ჩვენი ვალია, რომ მაქსიმალურად მეტი დინამიკა შევქმნათ ეკონომიკაში და დარწმუნებული ვარ, რომ ფორუმი, რომელიც ჩატარდა, პროექტები, რომელსაც ხელი მოეწერა და რომელიც იგეგმება, შექმნის გაცილებით უფრო მეტ დინამიკას და ჩვენ მომავალ წელს, ყველა საფინანსო ინსტიტუტის მიერ გაკეთებული პროგნოზით, გველოდება კიდევ უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ვინაიდან ჩვენ წელს მათ მოლოდინებს მნიშვნელოვნად გადავაჭარბეთ. უნდა ვეცადოთ, მომავალ წელსაც ყველაფერი გავაკეთოთ, რათა პროგნოზებს დადებითი კუთხით გავცდეთ“,-აღნიშნა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2016 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2017 წლის ოქტომბერში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 5,7 პროცენტი, ხოლო 2017 წლის პირველი ათი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 4,9 პროცენტი შეადგინა. წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ,2017 წლის ოქტომბერში ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: სასტუმროები და რესტორნები, დამამუშავებელი მრეწველობა, ვაჭრობა, ტრანსპორტი, ხოლო კლება დაფიქსირდა მშენებლობასა და უძრავი ქონებით ოპერაციების სფეროებში.

Share