4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
13:08:37

„ბიზნესდაჯილდოება 2017“-ის გამარჯვებულები გამოვლინდა

By: Admin
2018-09-07 12:40:04
204

8 დეკემბერს, პროექტ „ბიზნესდაჯილდოება 2017"-ის ფინალური ღონისძიება გაიმართა, სადაც ჟიურიმ  გამარჯვებულები გამოავლინა.

#გააზიარეწარმატება - ამ სლოგანით საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ბიზნესდაჯილდოება, „თიბისი ბანკისა“ და „ჯეოსელის“ ორგანიზებით წელს უკვე მეორედ გაიმართა.

ბიზნესდაჯილდოების მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ახალი ბიზნესის შექმნას და მხარი დაუჭიროს  არსებული ბიზნესის განვითარებას. დაჯილდოების მთავარი სლოგანია #გააზიარეწარმატება. ორგანიზატორებმა პროექტში მონაწილე კომპანიებს საშუალება მისცეს, რომ თავიანთი წარმატების ისტორიები სოციალური ქსელებისა და მედიის მეშვეობით მთელი საქართველოსთვის გაეზიარებინათ.

პროექტში განცხადების მიღება 20 ივნისიდან დაიწყო და აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდა. პროექტში დარეგისტრირებული კომპანიებიდან ფინალისტები დამოუკიდებელმა ჟიურიმ შემდეგ 6 ნომინაციაში გამოავლინა:

წლის ინოვაციური ბიზნესი: My GPS, ფინა, Inebe.ge;

წლის ტურისტული ბიზნესი: სათავგადასავლო კლუბი ჯომარდი, სასტუმრო კაბადონი, Husky Park;

წლის აგრობიზნესი: შპს ნიბა 2008, შპს ბლუბერი, შპს ქართული თევზი;

წლის ქართული პროდუქტი: გეფერინი, კულა, სავანეთი;

წლის მცირე ბიზნესი: დასტა, ნატა ბუაჩიძის სტუდია, Alter Socks;

წლის ბიზნესი: ჰერბია, დიო, აიბი მთიები;

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა დღეს. მივიღეთ  ჯილდო თიბისი ბანკის და ჯეოსელის მიერ ორგანიზებულ კონკურსში.  ყველაზე მთავარი ჯილდო- წლის ბიზნესი, ჩვენთვის არის ძალიან დიდი დაფასება. ჩვენ ვართ 21 წლის კომპანია. ძალიან ბევრ ოჯახში ვართ ნამყოფი, ძალიან საინტერესო პროდუქტებს ვთავაზობთ მომხმარებელს და  დარწმუნებული ვართ, ეს ჯილდო კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მოგვცემს, უფრო საინტერესო და ახალი სიახლეებით წარვდგეთ ჩვენი მომხმარებლების წინაშე. ჩვნთვის ეს არის ძალიან  დიდი მხარდაჭერა თიბისი ბანკის და ჯეოსელის მხრიდან. ნებისმიერ შემთხვევაში,  ასეთი ტიპის ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპანიის პიარისთვის, გაცნობისთვის. ამით ჩვენ სხვა ფორმით წარვსდექით ჩვენი მომხმარებლის წინაშე,  დავანახეთ მომხმარებელს არა მხოლოდ ჩვენი პირდაპირი საქმიანობა, არამედ ის, რასაც ამ ბიზნესის გარდა ვაკეთებთ. ეს არის ჩვენი სოციალური  პასუხისმგებლობა. ვფიქრობ, ასეთი ღონისძიებები აუცილებლად უნდა იყოს მომავალში კიდევ და კიდევ უფრო ბევრი",-განაცხადა კომპანია „დიოს“ თანადამფუძნებლმა და აღმასრულებელმა დირექტორმა თამაზ დაუშვილმა.

გამარჯვებული ყველა ნომინაციაში ჟიურიმ დაასახელა, გამონაკლისი იყო ნომინაცია "წლის სტარტაპერი", სადაც გამარჯვებული საყოველთაო ხმის მიცემის პრინციპით გამოვლინდა.

ხმის მიცემა ბიზნესდაჯილდოების ვებგვერდზე 28 ნოემებრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.

"ხელნაკეთი ნივთების მაღაზია ჰიპიმ მიიღო წლის სტარტაპერის სტატუსი. გავიმარჯვეთ წლის დამწყები ბიზნესის ნომინაციაში. ძალიან მოულოდნელი იყო.მნიშვნელოვანია ეს გამარჯვება, რადგან აღინიშნება ჩვენი მომხმარრბლის მხარდეჭერა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის, შეიძინონ ქართული პროდუქტი.ეს გამარჯვება მომავალში ჩვენი ნაწარმის პოპულარიზაციისთვის დაგვეხმარება",-განაცხადა ჰიპის დამფუძნებელმა ლალი თვალიაშვილმა.

"თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ბიზნესდაჯილდოების მთავარი მიზანია, კომპანიების, ახალგაზრდების, ახალი იდეების შეკრება და ბიზნესის განვითარებისთვის მხარდაჭერა.  ხაზარაძის თქმით, ბიზნესი ის მექანიზმია, რომელიც ქმნის  ჯარის, მასწავლებლის,  ბიუჯეტის შემოსავალს,  ქვეყნის სიძლიერეს  და ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს:

"უკვე მეორე წელია,  ვატარებთ ასეთ კონკურსს. ამ კონკურსს, ჩემი აზრით, უფრო სიმბოლური დატვირთვა აქვს. მთავარი მიზანი არის, რომ არაჩვეულებრივი ახალგაზრდები, იდეები, კომპანიები ერთად შევკრიბოთ,  ამ პროფილსში ჩავაბათ.ეს ნამდვილად  დიდ პროგრესს იძლევა. უკვე გაორმაგდა მონაწილეების  რაოდენობა. შარშან იყო 600, წელს არის-1200. ვფიქრობ, ეს არის  ჩვენი მომავალი ეკონომიკის საფუძველი, ეს იდეები, ეს ახალგაზრდები, რომლებიც არაფრისგან ქმნიან სამუშაო ადგილებს,  იხდიან ბიუჯეტში თანხას და რაც ყველაზე მთავარია, ქმნიან ქართულ ეკონომიკას. ჩვენ სწორედ ამის საწყის ეტაპზე ვდგავართ. შარშან ვთქვი და წელსაც მინდა, გავიმეორო, ეს არის ახალი ტალღა ქართული ბიზნესის, ახალი სახეებითა და ახალი იდეებით დახუნძლული და მაქსიმალურად უნდა დავუჭიროთ  არა მარტო  ჩვენ მხარი, ყველას მადლობა- ეკონომიკის სამინისტროს, კომპანია ჯეოსელს და ყველა მხარდამჭერს, რადგან ეს არის პროცესი, რომელიც მუდმივად უნდა გრძელდებოდეს  მანამ, სანამ  საქართველოში ყველა არ მიხვდება, რომ ბიზნესი ის მექანიზმია, რომელიც ქმნის ჯარის, მასწავლებლის,  ბიუჯეტის შემოსავალს და ქვეყნის სიძლიერეს.  როცა ამას ყველა კარგად გავიგებთ, მაშინ ქვეყანა ძალიან მძლავრად დადგება ფეხზე",-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

წლევანდელი "ბიზნესდაჯილდოების" კიდევ ერთი სიახლე სოციალური მეწარმეობის  განვითარებისა და ზრდის ხელშეწყობაა. ამ მიმართულების მქონე კომპანიებს შორის გამარჯვებული ჟიურიმ გამოავლინა. სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაცია პროექტის განმავლობაში ჯეოსელის მხარდაჭერით მიმდინარეობდა.

 

(R)

Share