ვალუტის კურსი

მიმდინარე წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 122.1 მილიონი აშშ დოლარი, ანუ 326.3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 24.8 პროცენტით (24.3 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.3 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ნოემბერში 1 მილიონი აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 14 ქვეყანაზე გასული წლის ნოემბერში მთელი ფულადი გზავნილების 92.2 პროცენტი მოდიოდა.
ამასთან, ცებ-ის ცნობით, მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 19.9 მილიონი აშშ დოლარი (53.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 17.1 მლნ აშშ დოლარისა (42.3 მლნ ლარისა) გასული წლის ნოემბერში.
