-1.16 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-18  
09:13:54

III კვარტალში, მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა 9 941,6 მილიონი ლარი შეადგინა

By: Admin
2018-09-07 12:39:07
204

III კვარტალში, მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 9 941,6 მილიონი ლარი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინა წლის შესაბამისი კვარტალის მიმართ მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 4,4 პროცენტის დონეზე დაფიქსირდა, ხოლო დეფლატორი გაიზარდა 6,6 პროცენტით.

„ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: სასტუმროები და რესტორნები (12,6 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (10,6 პროცენტი), მშენებლობა (9,3 პროცენტი), ვაჭრობა (9,3 პროცენტი), საფინანსო საქმიანობა (7,2 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6,3 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (5,1 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება-განაწილება (5,0 პროცენტი), კავშირგაბმულობა (4,9 პროცენტი), კლება დაფიქსირდა სოფლის მეურნეობაში (-2.8 პროცენტი).

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (18,7 პროცენტი) და მრეწველობა (17,0 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (10,7 პროცენტი), მშენებლობა (10,2 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (8,6 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (7,1 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (6,8 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (5,6 პროცენტი)“, - ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.

დაზუსტებული მონაცემები 2018 წლის 15 ნოემბერს გამოქვეყნდება.

ცნობისთვის, მთლიანი შიდა პროდუქტის გაანგარიშება კვარტალების მიხედვით ხორციელდება ყოველთვიური და ყოველკვარტალური მონაცემების საფუძველზე. შესაბამისად, აუცილებელი ხდება მთლიანი შიდა პროდუქტის წლიური დაზუსტება წლიური მონაცემების გათვალისწინებით. წლიური მონაცემები, როგორც წესი, განსხვავდება კვარტალური მონაცემებისაგან.

გასული წლის წლიური მონაცემების მიღებასთან ერთად, ხელახლა ითვლება მიმდინარე წლის კვარტალური მონაცემებიც. მაგალითად, 2017 წლის პირველი და მეორე კვარტალების მონაცემები თავდაპირველად გაანგარიშდა 2016 წლის წინასწარი მონაცემების საფუძველზე. 2017 წლის ნოემბერში, 2016 წლის წლიური მონაცემების დაზუსტებასთან და 2016 წლის კვარტალური მონაცემების ცვლილებასთან ერთად შეიცვალა 2017 წლის პირველი და მეორე კვარტალების მონაცემებიც. გარდა ამისა, 2018 წლის ნოემბერში 2017 წლის წლიური მონაცემების მიღების შემდეგ საბოლოოდ დაზუსტდება 2017 წლის კვარტალური და წლიური მაჩვენებლები.

Share