3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:33:50

„მაგთი“ მობილური ინტერნეტის პაკეტების გაძვირებაზე განმარტებას აკეთებს

By: Admin
2018-01-16 14:50:57
204

კომპანია „მაგთიკომი“ ინტერნეტ პაკეტების გაძვირებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, საქართველოში მობილურ მომსახურებაზე დაბალი ტარიფებია და ინტერნეტის მიწოდების ხარჯი და შემოსავალი ერთმანეთს ვერ აბალანსებს.

„ბოლო წლების განმავლობაში მაგთიკომმა მრავალმილიონიანი ინვესტიციები განახორციელა ტექნოლოგიების დანერგვისა და ქსელის უწყვეტი განვითარების კუთხით. მაგთიკომი უახლესი ტექნოლოგიებით არის წარმოდგენილი მთელს საქართველოში, როგორც დიდ ქალაქებში, ისე რთულად მისადგომ ადგილებში, მაღალმთიანი და სასაზღვრო რეგიონების ჩათვლით, სადაც რიგ შემთხვევებში, ერთი-ორი ოჯახი ცხოვრობს, მაგრამ კავშირი ყველასთვის და ყველგან უზრუნველყოფილია.

საქართველოში ოპერატორებს რთულ პირობებში უწევთ ოპერირება. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე იჯარის საფასური ოპერატორებისთვის ბევრად მაღალია, ვიდრე იჯარის საბაზრო ფასი. 2017 წელს გაიზარდა მეტროსადგურების გვირაბებში კაბელის გატარების საფასური. ვალუტის კურსის ცვლილება, ინფლაცია და დენის ტარიფის ცვლილება პირდაპირპროპორციულად აისახება კომპანიების დანახარჯებზე.

დღეს ქვეყანაში მობილურ მომსახურებაზე საკმაოდ დაბალი ტარიფებია. შესაბამისად, კომპანიის მიერ მობილური ინტერნეტის მიწოდების ხარჯი და მომსახურებისგან მიღებული შემოსავალი ვერ აბალანსებს ერთმანეთს. აქედან გამომდინარე, სერიოზული საფრთხის წინაშე დგება ქვეყანაში მობილურ ინტერნეტზე დაფუძნებული ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარება, იზღუდება როგორც კომპანიის, ისე ქვეყნის ტექნოლოგიური წინსვლა.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, საჭიროა ტარიფები იყოს ადეკვატური, როგორც ყველა განვითარებულ ქვეყანაში და სრულ შესაბამისობაში მოდიოდეს მოქმედ კანონმდებლობასთან.

შეგახსენებთ, „მაგთიკომი“ მობილური ინტერნეტის პაკეტებს მნიშვნელოვნად აძვირებს.

Share