
2017 წელი დაგეგმილი ფისკალური პარამეტრების შესრულების კუთხით პოზიტიური იყო, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საბიუჯეტო დეფიციტის მაჩვენებელი დაგეგმილ 3,5%-ზე მნიშვნელოვნად დაბალია და 3%-ის ფარგლებშია. ნაერთი ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლები გადაჭარბდა 38,9 მლნ ლარით და შეადგინა 9 მილიარდ 778.9 მლნ ლარი.
„ეს იმ ფონზე, როდესაც წლის ბოლოს, საბიუჯეტო ცვლილებებით, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების გეგმა 9 მილიარდ 540 მილიონიდან 9 მილიარდ 740 მილიონამდე, 200 მილიონი ლარით გაიზარდა", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მისივე თქმით, დამატებით, 130 მილიონიანი რესურსი საგადასახადო შემოსავლების ნაცვლად, მიმართა საგადასახადო ზედმეტობების დაბრუნების ქვეანგარიშზე, რაც დღგ-ს დაჩქარებულ და შემდეგ უკვე ავტომატურ რეჟიმში დაბრუნების რეფორმაზე იქნება მიმართული 2018 წლის რესურსთან ერთად.
მამუკა ბახტაძის განცხადებით, 2017 წელს ნაერთი ბიუჯეტიდან 3 მილიარდ 300 მილიონ ლარზე მეტი მიიმართა კაპიტალური პროექტების დასაფინანსებლად, რაც უპრეცენდენტოდ მაღალი მაჩვენებელია.
„აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციის კუთხით, შრომის ანაზღაურების ნაწილში, ნაერთი ბიუჯეტიდან ჯამში, 100 მილიონ ლარზე მეტია (104 მლნ) შემცირება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
Share