
ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა TBC Capital-თან ერთად პროექტ „რეფორმეტრის“ ფარგლებში კაპიტალის ბაზრის განვითარების შესახებ განხილვა მოაწყო.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიის შესრულების შეფასება და გაიმართა დისკუსია.
მას ესწრებოდნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონული დირექტორი ბრუნო ბალვანერა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მუდმივმოქმედი წარმომადგენელი ფრანსუა პეშო, ასევე, ბიზნესის, საფინანსო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.
„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, აღნიშნული დისკუსია მომავალში კაპიტალური ბაზრის განვითარების საფუძველია, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია:
„საბაზრო ეკონომიკა ვითარდება, აქედან გამომდინარე, თვითონ კაპიტალური ბაზარი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყნის განვითარებისთვის. სწორედ დღევანდელი დისკუსია იქნება მნიშვნელოვანი გამომდინარე იქიდან, რომ დღეს საქართველოში არსებობენ ბევრი ისეთი საშუალო ზომის და დიდი კომპანიები, რომლებიც მოითხოვენ განვითარებას და ვფიქრობ, საფონდო ბაზარი, საფონდო ბირჟა და შესაბამისი ინსტრუმენტები მოითხოვს მნიშვნელოვანწილად განვითარებას. აქედან გამომდინარე, დისკუსიები, რომლებიც დღეს მიმდინარეობს, არის კარგი საფუძველი იმისა, რომ მომავალში განვითარდეს კაპიტალური ბაზარი“,-აღნიშნა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
მისივე თქმით, საბანკო სექტორი კაპიტალური ბაზრის განვითარებით დაინტერესებულია. ბუცხრიკიძემ აღნიშნულის დამადასტურებელი რამდენიმე მაგალითიც მოიყვანა:
„ქართული ბანკები და ამ შემთხვევაში თიბისი ბანკი, სისხლხორცეულად ვართ დაინტერესებული კაპიტალური ბაზრის განვითარებით. ეს ხელს შეუწყობს ამ შემთხვევაში თიბისი ბანკის და მთლიანად საბანკო სექტორის განვითარებას. ხშირად არის შემთხვევები, როდესაც ბანკებს სურთ მეტი სესხის გაცემა და კაპიტალი არ აქვს კომპანიებს საკმარისი იმისათვის, რომ მეტი სესხების გაცემის საშუალება იყოს. ეს ერთ-ერთი მაგალითია იმისა, რატომ შეიძლება ჰქონდეს ბანკებს სურვილი, რომ განვითარდეს კაპიტალური ბაზარი. ჩვენ- თიბისი ბანკი, და ასევე სხვა ბანკები ვფიქრობთ, რომ განვავითაროთ საინვესტიციო საბანკო მიმართულება, რაც ნიშნავს იმას, რომ გვექნება მეტი საშუალება, დავეხმაროთ კომპანიებს, განავითარონ თავიანთი მიმართულებები და გამოუშვან, ასე ვთქვათ, მეტი კაპიტალური ინსტრუმენტები. ჩვენი მეტი ინტერესია, რომ მოხდეს კაპიტალური ბაზრის განვითარება. ჩვენ ვართ ერთ-ერთი აქტიური მონაწილე და მაქსიმალურად დავიხარჯებით იმისათვის, რომ მოხდეს კაპიტალური ბაზრის განვითარება ქვეყანაში“,-აღნიშნა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს დამტკიცებული კაპიტალის ბაზრის რეფორმის 67.7% შესრულებულია. გასულ წელს აღნიშნული მაჩვენებელი 51% იყო, ბოლო 1 წლის განმავლობაში, სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებთან ერთად, ეროვნული ბანკის მიერ აღიარებული სააგენტოების სიას (Moody, S&P და Fitch) დაემატა გერმანული სარეიტინგო სააგენტო Scope, როგორც სანდო სააგენტო ეროვნული ბანკის მიერ გირაოდ მისაღები ფასიანი ქაღალდების რეიტინგებისთვის. ასევე, ე.წ. Free-float-ის შეღავათი საგადასახადო კოდექსში შეიცვალა უფრო ფართო და ინვესტორებისთვის მოსახერხებელი შეღავათებით, რომლის თანახმადაც, გადასახადისგან გათავისუფლდა კაპიტალური მოგება (capital gain).
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტების დახმარებით შემუშავდა საგადასახადო რეფორმების პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტების დაბეგვრას საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით. ამას გარდა, განისაზღვრება ისეთი ინსტრუმენტების სწორი დაბეგვრის მიდგომები, როგორებიცაა დერივატივები, რეპო და ფასიანი ქაღალდების გასესხება. კაპიტალის ბაზრის განვითარების გეგმის ნაწილია საპენსიო რეფორმაც, რომლის საკანონმდებლო პაკეტი უკვე მომზადებულია.
რეფორმის მიმართ გარკვეული შენიშვნები აქვთ დაინტერესებულ ჯგუფებს, რომელთა განხილვა შეხვედრის ფარგლებში დისკუსიის დროს მოხდა.
„ჩვენი დღევანდელი შეხვედრა ეძღვნება კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მის შეფასებას, როგორ მიმდინარეობს რეფორმა. ჩვენი ანგარიშით კაპიტალის ბაზრის კონცეფციის და გეგმის 67% უკვე შესრულებულია. გასულ წელს აღნიშნული მაჩვენებელი 51%-ზე იყო, თუმცა გარკვეული შენიშვნები აქვთ დაინტერესებულ მხარეებს.სწორედ ამ საკითხზე იქნება დღეს დისკუსია, რათა უფრო შინაარსობრივად განვიხილოთ რეფორმის, როგორც კონცეფცია, ასევე ის ნაბიჯები, რომელიც ეროვნულმა ბანკმა, ფინანსთა სამინისტრომ, თუ ეკონომიკის სამინისტრომ გადადგეს“,-განუცხადა ღონისძიების დაწყებამდე ჟურნალისტებს რეფორმეტრის მენეჯერმა გიგლა მიქაუტაძემ.
„რეფორმეტრი“ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის პროექტია, რომელიც G4G USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება და ის მიზნად ისახავს ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობის შეფასებას წელიწადში ორჯერ. შეფასების შედეგები გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე: ReforMeter.iset-pi.ge
(R)
Share