
წინასწარი მონაცემებით, 2017 წელს მთლიანმა შიდა პროდუქტმა მიმდინარე ფასებში 38 042,2 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 11,8 პროცენტით აღემატება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 2017 წელს წინა წელთან შედარებით 5,0 პროცენტით, ხოლო დეფლატორის პროცენტული ცვლილება 6,5 პროცენტით განისაზღვრა.
„მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (17,6 პროცენტი) და მრეწველობა (16,4 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (10,2 პროცენტი), მშენებლობა (9,3 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (8,5 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (8,2 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6,9 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (6,0 პროცენტი).
ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში: მშენებლობა (11,2 პროცენტი), სასტუმროები და რესტორნები (11,2 პროცენტი), საფინანსო საქმიანობა (9,2 პროცენტი), ტრანსპორტი (7,2 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (7,1 პროცენტი), ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი (6,6 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6,3 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (5,0 პროცენტი).
კლება აღინიშნა სოფლის მეურნეობისა (-2,7 პროცენტი) და შინამეურნეობების მიერ პროდუქციის გადამუშავების (-2,7 პროცენტი) სექტორებში“, - ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.
ცნობისთვის, მთლიანი შიდა პროდუქტის გაანგარიშება კვარტალების მიხედვით ხორციელდება ყოველთვიური და ყოველკვარტალური მონაცემების საფუძველზე. შესაბამისად, აუცილებელი ხდება მთლიანი შიდა პროდუქტის წლიური დაზუსტება წლიური მონაცემების გათვალისწინებით.
გასული წლის წლიური მონაცემების მიღებასთან ერთად, ხელახლა ითვლება მიმდინარე წლის კვარტალური მონაცემებიც. მაგალითად, 2017 წლის პირველი და მეორე კვარტალების მონაცემები თავდაპირველად გაანგარიშდა 2016 წლის წინასწარი მონაცემების საფუძველზე. 2017 წლის ნოემბერში, 2016 წლის წლიური მონაცემების დაზუსტებასთან და 2016 წლის კვარტალური მონაცემების ცვლილებასთან ერთად შეიცვალა 2017 წლის პირველი და მეორე კვარტალების მონაცემებიც. გარდა ამისა, 2018 წლის ნოემბერში 2017 წლის წლიური მონაცემების მიღების შემდეგ საბოლოოდ დაზუსტდება 2017 წლის კვარტალური და წლიური მაჩვენებლები.
Share