5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
14:53:26

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, საქართველოში საჯარო მეტყველების კონკურსი ჩატარდა და გამარჯვებული გამოვლინდა

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერითა და  „ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირის“ (ESU)  ორგანიზებით, 16-დან 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შორის საჯარო მეტყველების კონკურსი ჩატარდა. კონკურსში გამარჯვებული  და პირველი ადგილის მფლობელი ერთი კვირით ლონდონში  გაემგზავრებიან, სადაც მონაწილეობას მიიღებენ საჯარო მეტყველების  საერთაშორისო კონკურსის ფინალში.

„ჩვენ უკვე მრავალი წელია ამ ღონისძიების ერთ-ერთი ინიციატორები ვართ.  განათლება არის  ჩვენთვის ყველაზე პრიორიტეტული მიმართულება სოციალური პასუხისმგებლობის მხრივ და გვინდა ძალიან ბევრი ქართველი ახალგაზრდა გაიზარდოს და გახდეს კიდევ უფრო კონკურენტული მსოფლიო ბაზარზე, რადგან კონკურენცია საერთაშორისოა. რაც შეეხება  გამოსვლას და სახალხო პრეზენტაციების გაკეთების უნარს, ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი უნარია და ჩვენ გვინდა, ამ უნარის წახალისებაში მივიღოთ  აქტიური მონაწილეობა“,-განაცხადა საქართველოს ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა  კახა კიკნაველიძემ.

საჯარო მეტყველების კონკურსის 10-მა მონაწილემ  წელს  5 წუთიანი გამოსვლა მოამზადა თემაზე-„დიდ მხატვრებს არ აქვთ ქვეყანა“.  პირველ ტურში კი  საკონკურსო თემა „მომავლის განსაზღვრის საუკეთესო გზა  მისი შექმნაა“ იყო. წელს კონკურსში მონაწილეობა 65-მა სტუდენტმა მიიღო.

„უკვე მეორედ ვიღებ მონაწილეობას ამ კონკურსში, რადგან აღნიშნული კონკურსი  მნიშვნელოვანია ბევრი ასპექტით. თუნდაც ის, რომ ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ სურვილი, დაკავდნენ სფეროში, რომელიც არის დაკავშირებული ხალხთან კონტაქთან, სოციალიზაციასთან, ამ თვისებებს   უძლიერებს, ვინაიდან  წარადგენს პუბლიკის წინაშე, ასწავლის კრეტიულობას. ონგლისურ ენაზე მოსაუბრე ხალხთა კავშირი  ეხმარება ადამიანებს იმაში, რომ დააკავშიროს სხვადასხვა ეროვნების ხალხი, ვინც ჩართულია ამა თუ იმ სოციალურ პროექტში, ამა თუ იმ საქმიანობაში, იმ დონეზე, რომ მათთვის  ეს იყოს  საინტერესო“,-განაცხადა კონკურსის მონაწილე ირაკლი ჩხიკვაძემ.

ღონისძიებას დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტიც დაესწრო:

„ჩემთვის ეს არის წლის ყველაზე საყვარელი პერიოდი იქედან გამომდინარე, რომ ამ დროს იმართება სწორედ ეს კონკურსი. მეორედ ვარ ჩართული ამ კონკურსში. მე  თვითონ მაქვს მონაწილეობა მიღებული ამ კონკურსში 35 წლის წინ. მიმაჩნია, რომ ეს კონკურსი ავითარებს ახალი თაობის  უნარებსა და შესაძლებლობებს, აჩენს მათ ნიჭს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ხდება განათლების ხელშეწყობა და ამიტომ მიხარია, რომ ვართ მხარდამჭერები“,-განაცხადა დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტმა.

საქართველოს ბანკი აღნიშნულ კონკურსს 8 წელია უჭერს მხარს, რადგან ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სწორედ  განათლება გახლავთ. საჯარო მეტყველების კონკურსი საქართველოში 1998 წლიდან იმართება და მასში მონაწილეობა  უკვე  მიიღო დაახლოებით  1600-მა ახალგაზრდა ორატორმა. აქედან 35-მა ახალგაზრდამ საერთაშორისო  ორატორთა კონკურსშიც  მიიღო მონაწილეობა, რომელიც წელს ლონდონში 38-ედ იმართება.

 

®

Share