
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას მხარს უჭერს.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, სავალუტო ფონდთან არსებული თანამშრომლობა მთავრობის რეფორმის 4-პუნქტიან გეგმას ეფუძნება.
"მინდა შევეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეორე მიმოხილვის წარმატების დასრულებას. მოგეხსენებათ, რომ სავალუტო ფონდის დაფინანსების გაფართოებული მექანიზმის პროგრამის მეორე მიმოხილვა წარმატებით დასრულდა. ფონდის მისია მთლიანად იზიარებს და მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას. მინდა მადლობა გადავუხადო მისიას მხარდაჭერისთვის, მისიის ყველა თანამშრომელს ად რა თქმა უნდა ხელმძღვანელს - ქალბატონ მერსედეს ვერა მარტინს, რომლის დახმარებაც ამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იყო უმნიშვნელოვანესი, ფისკალური მაჩვენებლების გაუმჯობესების კუთხით, ქვეყნის სუვერენული გაჯანსაღების კუთხით და რა თქმა უნდა, საგადასახადო ბალანსის გაჯანსაღების კუთხით. რა თქმა უნდა ეს სახეზეა და უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ თანამშრომლობის პროგრამა, რომელიც სავალუტო ფონდთან გვაქვს, მთლიანად ეფუძნება მთავრობის რეფორმების 4 პუნქტიან პროგრამას და ფონდის მიერ დადებითად იქნა შეფასებული ეს პროგრამა, დაგეგმილზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, 2018 წლის დასაწყისიც არის ძალიან კარგი”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერმა ბოლო 2 თვის განმავლობაში არსებულ ეკონომიკურ პროგრესზეც ისაუბრა.
“დასაწყისში, 2 თვის მონაცემებით გვქონდა ჯამში 4.9%, თებერვლის დინამიკა კიდევ უფრო უკეთესი იყო 5.5% გახლდათ. 40 000-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დინამიკაში კერძო სექტორს აქვს უმნიშვნელოვანესი როლი. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა, რომელიც სულ პრობლემა იყო, ბოლო წლებში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. ეს არის 8.7 %, აც სერიოზული გაჯანსაღების შედეგია. 2017 წელს რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა პირდაპირი ინვესტიციების კუთხით. მოგების გადასახადის რეფორმით მოხდა შიდა ინვესტიციების ზრდა. ის თანხა, რომელიც კომპანიას შეეძლო გაეტანა ქვეყნიდან, დარჩა ქვეყანაში, რეინვესტირდა და ეს თანხა გახლავთ 130%-იანი ზრდა 2016 წელთან შედარებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საქონლის ექსპორტი პირველ სამ თვეში 28%-ით გაიზარდა, ტურიზმიდან შემოსავალიც 28%-ით გაიზარდა, ფულადი გზავნილები 20%-ით. რა თქმა ეს პოზიტიური დინამიკა აისახა საერთაშორისო სარეიტინგო შეფასებაში.ქვეყნის ეკონომიკური კურსი განსაზღვრულია იმისთვის, რომ ეს ყველაფერი თითოეული ოჯახის კეთილდღეობაზე და მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ ეს რეფორმირების პროცესი და საკუთარ შემოსავლებზე. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მთავრობის ეკონომიკურ გუნდს დიმიტრი ქუმსიშვილის ხელმძღვანელობით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, გახლავთ ის, რომ კოორდინაცია ეკონომიკურ გუნდში არის კარგი. ასევე მნიშვნელოვანია პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან თანამშრომლობა და ის საკანონმდებლო ინიციატივები, რაც ჩვენგან მიდის პარლამენტში, კარგი გამოხატულებაა კოორდინაციის", - განაცხადა პრემიერმა.
Share