17.84 °C თბილისი, საქართველო | 2026-02-16  
14:59:04

საქართველოში მსოფლიო საფოსტო კავშირის EMS გაერთიანების სიმპოზიუმი იმართება

By: Admin
2018-09-07 12:30:45
204

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს საქართველოს ფოსტა მსოფლიო საფოსტო კავშირის EMS (პრემიუმ კატეგორიის საერთაშორისო საფოსტო მომსახურება) გაერთიანების სიმპოზიუმს მასპინძლობს.

სიმპოზიუმში16 ქვეყნის, მათ შორის საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, ნიდერლანდების, ბელგიის, ესპანეთის და სხვა საფოსტო ოპერატორების მაღალი რანგის მენეჯერები, ასევე მსოფლიო საფოსტო კავშირისა და კოლოგრაფის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას. სიმპოზიუმის მთავარი თემა საფოსტო ოპერატორების კონკურენტუნარიანობის გაზრდა, ელექტრონული კომერციის განვითარება და ბაზარზე არსებული გამოწვევებია.

ღონისძიება "საქართველოს ფოსტის" გენერალური დირექტორის ლევან ჩიკვაიძის გამოსვლით გაიხსნა:

„ჩვენთვის დიდი პატივია ვუმასპინძლოთ ასეთი მაღალი რანგის შეხვედრას საქართველოში. ეს საშუალებას მოგვცემს, სამომავლოდ მჭიდრო პარტნიორული თანამშრომლობა გავაგრძელოთ მსოფლიოს წამყვან ოპერატორებთან, რის შედეგადაც, საქართველოს ფოსტა გახდება ერთიანი ჯაჭვის ნაწილი. მიმდინარე წელს საფოსტო ბიზნესის ყველაზე დიდი გამოწვევა ელექტრონული კომერციაა. ჩვენ ვგეგმავთ, გამოვიყენოთ ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა, რომ ჩინეთიდან და აზიის სხვა ქვეყნებიდან ევროპისკენ დამისამართებული გზავნილები სწორედ საქართველომ გაატაროს. ამისთვის წელს დავიწყებთ ახალი დახარისხების ცენტრის მშენებლობას, რომელიც უზრუნველყოფს გაზრდილ გზავნილთა რაოდენობის სწრაფ გამტარიანობას. მრავალი ძირეული რეფორმა გავატარეთ როგორც საოპერაციო, ასევე სერვისების განვითარების მიმართულებით. განახლდა სერვისცენტრები, შეიქმნა ახალი სამუშაო სტანდარტები და დაინერგა უახლესი ტექნოლოგიები, რამაც საქართველოს ფოსტის სანდო და მნიშვნელოვან პარტნიორად აღიარება განაპირობა ევროპული და მსოფლიო საფოსტო გაერთიანების მიერ“, - განაცხადა ლევან ჩიკვაიძემ.

ამის შემდეგ მსოფლიო საფოსტო გაერთიანების EMS - მიმართულების ხელმძღვანელმა ჯეინ დაიერიმ დამსწრეებს მსოფლიო საფოსტო გაერთიანების UPU-ს გენერალური დირექტორის ბიშარ ჰუსეინის ოფიციალური მიმართვა გააცნო:

„საქართველოს ფოსტამ ძალიან მოკლე დროში მოახერხა მაღალი სტანდარტების დანერგვა როგორც საოპერაციო პროცესებში, ასევე სერვისის მიმართულებით. ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით წევრთა განვითარების პროცესებს და შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს ფოსტამ წარმოუდგენლად მოკლე დროში შეძლო განვითარება. სწორედ ამიტომ შევიკრიბეთ ჩვენ საქართველოში. მეტად მნიშვნელოვანია, გამოცდილების გაზიარება და ერთობლივი გეგმების შემუშავება. დღეს საფოსტო ბიზნესის ყველაზე დიდ გამოწვევას ელექტრონული კომერცია წარმოადგენს. ეს მომავალია და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ყოველწლიურად მივიღოთ და გავაგზავნოთ მილიონობით გზავნილი. ამისათვის კი მეტად მნიშვნელოვანია, სანდო და ძლიერი პარტნიორების ყოლა, ისეთის, როგორიც საქართველოს ფოსტაა“, - აღნიშნულია ბიშარ ჰუსეინის მიმართვაში.

ღონისძიების მნიშვნელობაზე თავად ჯეინ დაიერიმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ფოსტა EMS-ისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია:

"ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელსაც ბევრი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება. გვეძლევა შესაძლებლობა ერთმანეთს გამოცდილება გავუზიაროთ. EMS-ი ყველა ქვეყნის წარმომადგენელს აძლევს შესაძლებლობას ერთმანეთთან კომუნიკაცია დაამყარონ და თავიანთ მომხმარებლებს შემდგომში შესანიშნავი სერვისი შესთავაზონ. რაც შეეხება საქართველოს ფოსტას, ის მშვენიერი პარტნიორია ჩვენთვის. 2017-2018 წლებში კომპანიის მუშაობა არის შესანიშნავი. საქართველოს ფოსტის მიერ გავრცელებული გზავნილი 98 პროცენტიანი სიზუსტით ვრცელდება. კარგი შესაძლებლობები გააჩნია კომპანიას, რომ იდეალურად იმუშაოს და მომხმარებელი იყოს კმაყოფილი", - განაცხადა ჯეინ დაიერიმ.

ამერიკის შეერთებული შტატების ფოსტის საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის მენეჯერის და EMS-ის ბორდის წევრის, ჯიმი ორტისის თქმით, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელსაც სიმპოზიუმზე განიხილავენ, მომხმარებლებისთვის გზავნილების დროულად მიწოდებაა.

"ძალიან საინტერესო ღონისძიებაა. მადლობას ვუხდით საქართველოს ფოსტას ამისთვის. ერთ-ერთ მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც განვიხილავთ არის მომხმარებლებისთვის გზავნილების დროულად მიწოდება. ამასთან, ძალიან მალე საქართველოს ფოსტასთან თანამშრომლობას ვიწყებთ. თანამშრომლობა მდგომარეობის იმაში, რომ საქართველოდან მიწოდებული გზავნილები უფრო სწრაფად გავრცელდეს და მომხმარებლებმა საუკეთესო სერვისი მიიღონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თანაშრომლობა იქნება", - განაცხადა ორტისმა.

თავის მხრივ, საქართველოს ფოსტის საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნუგზარ ბრეგვაძემ აღნიშნა, რომ კომპანია ევროპის რეგიონში საკმაოდ მაღალ შეფასებებს იღებს.

"სიმპოზიუმის მნიშვნელობა არის ძალიან დიდი, იმიტომ, რომ ის იმართება რეგიონების მიხედვით. ჩვენთან არის ძირითადად ევროპის რეგიონი და ამერიკა. ზუსტად ასეთ შეხვედრებზე იღებენ იმ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს, თუ როგორ უნდა განვითარდეს ეს მიმართულება. არსებული გამოწვევები არის კომპლექსური სამუშაო, ეს არის საბაჟო საქმიანობაც და ჩვენ ზუსტად მივდივართ იმ მიმართულების მოსაძიებლად, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ყველა რეგიონი ერთნაირი მუშაობის სისტემაზე გადავიდეს. სწორედ ასეთი სიმპოზიუმები იძლევა შესაძლებლობას, მოხდეს საფოსტო ადმინისტრაციების შეფასება - ეს არის ხარისხის, სისწრაფის და მომსახურების კუთხით. ამ ორგანიზაციამ წარადგინა დამოუკიდბელი კალკულაცია და 4 პუნქტში - მომხმარებელთან ურთიერთობა, გზავნილის დროული მიწოდება, საქართველოდან ევროპაში გამავალი და შემავალი გზავნილების მომსახურება და საოპერაციო ქსელი. ამ თვალსაზრისით საქართველოს ფოსტა ევროპის რეგიონში საკმაოდ მაღალ მაჩვენებელზეა. ეს ყველაფერი მოხდა 2 წლის განმავლობაში, ჩვენ შევძელით 0-დან მიგვეღწია შედეგისთვის, რომელიც 99% შეადგენს", - აღნიშნა ნუგზარ ბრეგვაძემ.

მსოფლიო საფოსტო კავშირის EMS გაერთიანება 1999 წელს შეიქმნა. ორგანიზაცია მსოფლიოში ყველაზე დიდი საოპერაციო ქსელით არის წარმოდგენილი და 190 ქვეყანას მოიცავს პრემიუმ კატეგორიის საერთაშორისო საფოსტო მომსახურების მიმართულებით. საქართველოს ფოსტა  EMS გაერთიანებაში 2001 წელს გაწევრიანდა, ხოლო მიმდინარე წელს გაერთიანების მმართველობითი საბჭოს არჩევნების შედეგად მმართველ რგოლში დაიკავა ადგილი.

საქართველოს ფოსტა ქვეყანაში უმსხვილეს საფოსტო ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვის ცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. დღეს საქართველოს ფოსტა 82 სერვისცენტრით არის წარმოდგენილი მთელი ქვეყნის მასშტაბით და მისი მიზანია, ხელმისაწვდომი გახადოს მაღალი ხარისხის საფოსტო მომსახურება ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის. 

 

 

(R)

Share