
საქართველოს გაერთიანებული საფოსტო კავშირი აცხადებს კონკურსს, ქ. თბილისში, დ. აღმაშენებლის გამზირი #50-ის მიმდებარედ არსებულ სკვერში ლანდშაფტური დაგეგმარების, დენდროლოგიური პროექტის და მონუმენტის ესკიზის შექმნაზე.
მონუმენტი უნდა ასახავდეს საქართველოს ფოსტის სლოგანს - „გახადე ურთიერთობა ხელშესახები“, რომელიც ინტერაქციულ-ფუნქციონალურ ჭრილში გამოსახავს ადამიანებს და ქვეყნებს შორის სიახლოვეს, კავშირს და ურთიერთობას. ამასთანავე მნიშვნელოვანია მონუმენტის ვიზუალში გათვალისწინებული იქნას საფოსტო საქმიანობის ამსახველი ელემენტები. კონკურსის მიზანია შეიქმნას ინტერაქციული საჯარო სივრცე საფოსტო საქმიანობის მეტი პოპულარიზაციის მიზნით. საკონკურსო პრემია შეადგენს 1 000 ლარს, კონკურსში გამარჯვებულ პროექტს გამოავლენს გაერთიანებული საფოსტო კავშირის საკონკურსო კომისია.
საქართველოს გაერთიანებული საფოსტო კავშირი 2013 წელს შეიქმნა და აერთიანებს შპს საქართველოს ფოსტის 1 000-ზე მეტ თანამშრომელს. კავშირის მიზანია საფოსტო საქმიანობის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.
საკონკურსო პირობები:
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ ფიზიკურ პირს ან მათ გაერთიანებას, შემოქმედებით კავშირს და ავტორთა ჯგუფს.
კონკურსში მონაწილეებმა პროექტები უნდა წარმოადგინონ შემდეგი პირობებით:
მონუმენტის მაკეტი (მაკეტის სიმაღლე- 0,6 მ.)
კეთილმოწყობის და ლანდშაფტური დიზაინის სამუშაო გეგმა, რომელიც უნდა მოიცავდეს:
ლანდშაფტური გამწვანების გეგმას
განშლის ნახაზს
დენდროლოგიურ გეგმას (მცენარეთა გამოსახულებით)
დარგვის ნახაზს
დარგვის მასალის ასორტიმენტის უწყისს (სახეობა, შემადგენლობა)
მცენარეების დარგვის ტექნოლოგიურ აღწერას
განათების განლაგების სქემას
განმარტებით ბარათს პროექტისთვის
პროექტს თან უნდა ახლდეს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც საჭიროა შემდგომში თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ პროექტის დამტკიცების და ნებართვის მიღებისთვის. პროექტს ასევე უნდა ახლდეს სავარაუდო ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია 2 ეგზემპლარად (ელ. ვერსია), ფოტომონტაჟი შესაბამისი ზომების მითითებით, სადაც მაქსიმალური სიზუსტით იქნება წარმოჩენილი არქიტექტურული გადაწყვეტა (ელ. ვერსია) და პროექტის განმარტებითი ბარათი (ელ. ვერსია). განმარტებით ბარათში უნდა იყოს ჩამოყალიბებული პროექტის კონცეფცია, ასევე მკაფიოდ და ზუსტად მითითებული სკულპტურული კომპოზიციის შექმნისას გამოყენებული მასალა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
კონკურსანტი თავისუფალია მონუმენტისთვის გამოსაყენებელი მასალების შერჩევაში. სასურველია კონკურსში გამარჯვებული პროექტის ავტორს ჰქონდეს შესაძლებლობა განახორციელოს პროექტი. პროექტის განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარულ დღეს.
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, კონკურსში გამარჯვებული კონცეფციის ავტორი „გაერთიანებულ საფოსტო კავშირს“ ნებას რთავს კონცეფციის ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით, მისივე მონაწილეობით, გასცეს რეკომენდაცია რაიმე ტიპის ცვლილებების შეტანაზე. ასევე გადასცემს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებულ ქონებრივ უფლებებს.
საკონკურსო განაცხადები თანდართულ მასალასთან ერთად მიიღება მიმდინარე წლის 18 ივნისის ჩათვლით, 16:30 საათამდე. საკონკურსო განაცხადი წარმოდგენილი უნდა იქნას მისამართზე: ქ.თბილისი 0100, ვაგზლის მოედანი #2, გაერთიანებული საფოსტო კავშირი.
(R)
Share