3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:34:25

უჩა მამაცაშვილი „ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელების განცხადებებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

By: Admin
2018-09-12 18:31:48
204

ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ბიზნესმენი უჩა მამაცაშვილი განცხადებას ავრცელებს. მამაცაშვილის თქმით, მის წინააღმდეგ განკეთებულ განცხადებები "ომეგა ჯგუფის" ხელმძღვანელების მხრიდან გამიზნული პროვოკაციაა.

„ლეგენდები ჩემი, ე.წ. ,,განსაკუთრებული გავლენების“ შესახებ არახალია და მას პერიოდულად თხზავენ ადამიანები, რომელთაც ამ ლეგენდის მეშვეობით უკანონო სარგებლის მიღება სურთ.
გამონაკლისი, არც ,,ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ, ამ ბოლო დროს, მიმდინარე აჟიოტაჟია. ჩემთვის უცნობია, კონკრეტულ შემთხვევაში, საქმე გვაქვს ,,ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელების მხრიდან გამიზნულ პროვოკაციასთან, ყოფილი მაღალჩინოსნის არაჯანსაღ ინტერესებთან თუ სიყალბესთან. თუმცა, ყველა შემთხვევაში, ვიღაც აშკარად ცდილობდა ჩემი სახელის საეჭვო და უკანონო გარიგებებში გამოყენებას და ამ კამპანიას აშკარად პოლიტიკური ელფერი აქვს.
შესაბამისად, მივმართავ საქართველოს პროკურატურას, რათა დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე და ამომწურავი პასუხი გასცეს საზოგადოებაში გაჩენილ ლეგიტიმურ კითხვებს", - აცხადებს უჩა მამაცაშვილი.

9 სექტემბერს სატელეფონო ჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც სავარაუდოდ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ტელეკომპანია „იბერიისა“ და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ ზაზა ოქრიაშვილს ესაუბრება. მათ საუბარში ბიძინა ივანიშვილის ნათესავის, ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის სახელიც ფიგურირებს, რომელზეც ამბობენ, რომ ის "ომეგა ჯგუფის" პრობლემებს აგვარებდა, სანაცვლოდ კი ორ მილიონს ითხოვდა.

მანამდე, 7 სექტემბერს ტელეკომპანიამ საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, "იბერიას" დაფინანსების მთავარი წყარო გადაუკეტეს. საუბარია კომპანია "ომეგა ჯგუფზე", რომლის შემადგენლობაშიც "იბერია" შედის.

Share