1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
20:54:57

„თიბისი ბანკის“ ინიციატივით, ბორჯომში 17 500 ძირი კავკასიური ფიჭვი დაირგვება

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, თიბისი ბანკთან ერთად, ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში, 2008 და 2017 წლებში, ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენით სამუშაოებს იწყებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, თიბისი ბანკს, ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და ეროვნულ საშენ მეურნეობას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი დღეს გაფორმდა.

მემორანდუმის თანახმად, „თიბისი ბანკი“ 2017 წელს ბორჯომში გაჩენილი ხანძრის შედეგად გადამწვარი ტყის 10 ჰექტარს სრულად აღადგენს. 2018 წლის ბოლომდე თიბისი ბანკის ინიციატივით ტერიტორიაზე ჯამში 17 500 კავკასიური ფიჭვი დაირგვება, რომელიც ეროვნულ საშენ მეურნეობაშია გაყვანილი. ტერიტორიაზე სამუშაოები მეტყევე-სპეციალისტების ზედამხედველობით განხორციელდება.

მემორანდუმს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკოლოზ ქურდიანმა და ეროვნული სატყეო სააგენტოსა და ეროვნული საშენი მეურნეობის ხელმძღვანელმა მოაწერეს.

როგორც ნიკოლოზ ქურდიანმა განაცხადა, „თიბისი ბანკი“ იყო ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელიც დამწვარი ტყის მასივის განახლების ღონისძიებებში ჩართვის ინიციატივით გამოვიდა.

„დღეს ხელი მოეწერა რამდენიმე მემორანდუმს, რომელიც ემსახურება ერთ ძალიან მაგარ მიზანს, ყველამ კარგად ვიცით და გვახსოვს, რომ შარშან დაგვეწვა ძალიან დიდი მასივი ტყის ბორჯომის ხეობაში, მაშინ იყო მომენტი, როცა თიბისი ბანკმა ინიციატივა გამოიჩინა და იმ დღეებშივე განაცხადა, რომ ჩვენ აღვადგენდით 10 ჰექტარს, ანუ ამ ტერიტორიაზე დავრგავდით 17 500 კავკასიურ ჯიშის ფიჭვს და 10 ჰექტრის ტერიტორია იქნება დაფარული. სამწუხარო ისაა, რომ ამაზე ბევრად მეტია აღსადგენი და შესაბამისად, ძალიან გაგვიხარდება ჩვენ და ამ საქმის გამკეთებელ ინსტიტუტებს, რომ კიდევ მეტი ადამიანი ჩაერთოს აღდგენაში, მეტი კომპანია ჩაერთოს და ნამდვილად კარგი საქმეა ეს, იმიტომ რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ ეკოსისტემის აღდგენა“, - განაცხადა ნიკოლოზ ქურდიანმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, იური ნოზაძის თქმით, ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენის პროცესში კერძო სექტორის და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია.

„2017 წელს ხანძრის შედეგად რამდენიმე ათეული ჰექტარი დაზიანდა, განსაკუთრებით ბორჯომის ხეობაში, ძალიან კარგია, რომ წამოვიდა კერძო ინიციატივები, თიბისი ბანკმა გამოთქვა სურვილი აღადგინოს 10 ჰექტარი, ეს იქნება ძალიან კარგი მაგალითი სხვა კერძო სექტორისთვის, რომ ისინიც ჩაერთონ  და მიიღონ მონაწილეობა ტყის მასივების აღდგენაში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად, სამოქალაქო საზოგადოება არის ჩართული ამ პროცესში, რათა ერთად აღვადგინოთ, როგორც ნახანძრალი, ისე დეგრადირებული ტყის მასივები, რათა გავაუმჯობესოთ ტყის მასივები“, - განაცხადა იური ნოზაძემ.

პირველ ეტაპზე  (2018-2019 წლები) აღადგენს 250 ჰა ფართობი ექვემდებარება. 2018 წლის სექტემბრის ბოლოდან ნერგების დარგვისა და თესვის სამუშაოები დაიწყება. ტყის აღდგენა განხორციელდება 144 ჰა ფართობზე, დარგული იქნება 400 000-მდე ნერგი.

ტერიტორიის გაწმენდის, პერიმეტრზე ღობის მთლიანობის აღდგენის, ეროზიასაწინააღმდეგო და გარკვეულ მონაკვეთებზე, ნიადაგის აღდგენის, ასევე, ხანძარსაწინააღმდეგო ბილიკების შეკეთება-გაწმენდის სამუშაოები მიმდინარე წლის მაისის თვეში დასრულდა.

ტყის აღდგენის პროექტის ძირითადი მიზანი ხეობაში პირვანდელი ტყის  ეკოსისტემის აღდგენაა, რისთვისაც მხოლოდ ადგილობრივი, სტანდარტული ნერგი გამოიყენება. ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყის შემქმნელი სახეობის ნერგის გამოყვანა ეროვნული სატყეო სააგენტოს სანერგებში ხდება, რომელიც იმავე ზონაშია მოწყობილი. ტყის აღდგენისთვის ეროვნულ საშენ მეურნეობაში გამოყვანილი კონტეინერული ნერგის გამოყენებაც ხდება. 

 

 

(R)

Share