
"ვმუშაობთ ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივაზე, რომ მომავალი წლიდან ძალიან მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები მივცეთ იმ კომპანიებს, რომლებიც საზღვაო ბიზნესით და ამ სექტორში მომუშავე კომპანიებისთვის სერვისის მიწოდებით არიან დაკავებულნი", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ბახტაძემ აღნიშნა, საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით მსოფლიოში მეცხრე ადგილზეა.
"ამავე დროს, ჩვენ მსოფლიოში მე-9 ადგილზე ვართ ყველაზე დაბალი გადასახადების კუთხით. გარდა ამისა, ჩვენ აჭარის ხელისუფლებასთან ერთად ვმუშაობთ ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივაზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს, უკვე მომავალი წლიდან ძალიან მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები მივცეთ იმ კომპანიებს, რომლებიც საზღვაო ბიზნესით და ამ სექტორში მომუშავე კომპანიებისთვის სერვისის მიწოდებით არიან დაკავებულნი. ეს არის მართლაც უნიკალური საშუალება. შემიძლია დღეს გავაჟღერო რამდენიმე პრინციპი - კომპანიები ფაქტობრივად ნულოვან საგადასახადო რეჟიმში შეძლებენ ამ სექტორში მუშაობას, მათ ექნებათ წვდომა უნიკალურ ელექტრონულ სერვისებზე, შეძლებენ რეკრუტირებას ძალიან კომფორტულ გარემოში, ამავე დროს, მოხდება ჩვენი კანონმდებლობის სრული ჰარმონიზაცია საერთაშორისო სტანდარტებთან და ბევრი სხვა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერის განმარტებით, ექსპორტის ზრდის, მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოზიდვის, ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიების და ინოვაციების დანერგვისა და საერთაშორისო ეკონომიკურ პროცესებში საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამავე დროს ეროვნული წარმოების განვითარება და ტრანსპორტს ამ ნაწილში სრულიად განსაკუთრებული და უნიკალური როლი აქვს.
„ტრანსპორტი და ენერგეტიკა გახლავთ სწორედ ის ორი დარგი, რომელიც აუცილებლად უნდა უსწრებდეს ეროვნული ეკონომიკის განვითარებას, სხვანაირად ის შეიძლება გახდეს ერთგვარი ვიწრო ყელი ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის. ჩვენ ეს ძალიან კარგად გვესმის და აქედან გამომდინარე ვახორციელებთ ასეთ მასშტაბურ ინვესტიციებს ამ მიმართულებით. მიგვაჩნია, რომ საზღვაო ტრანსპორტის მიმართულების წარმატებით განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ახალი ლიდერების გაზრდა, რაც სრულიად ახალ დონეზე აიყვანს ამ სექტორს საქართველოში. შესაბამისად, საზღვაო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად ჩვენ ავირჩიეთ საზღვაო განათლება და, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ძალისხმევა აუცილებლად მოიტანს ძალიან პოზიტიურ შედეგებს“, - აღნიშნა ბახტაძემ.
მამუკა ბახტაძემ აგრეთვე ფორუმისჩატარების მთავარ მიზანსზეც ისაუბრა. მისი შეფასებით, ფორუმის მთავარი მიზანია, საქართველო გახდეს საერთაშორისო საზღვაო, ლოგისტიკური, სანაოსნო და საფინანსო ინსტიტუტების თავშეყრის ადგილი, სადაც ხდება მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა.
"ჩვენთვის განსაკუთრებით დასაფასებელია მსჯელობა და აზრთა გაზიარება იმ ქვეყნებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებსაც ამის დიდი გამოცდილება აქვთ.
საყოველთაოდ აღიარებულია, რომ საზღვაო ტრანსპორტი მსოფლიო ეკონომიკის ხერხემალია. სწორედ საზღვაო ტრანსპორტზე მოდის მსოფლიო ტვირთბრუნვის ყველაზე დიდი წილი. მოგეხსენებათ, საზღვაო ტრანსპორტი საუკუნეების განმავლობაში საქონლის გადაზიდვისა და მგზავრების გადაყვანის ყველაზე საიმედო და ეფექტიანი საშუალება იყო. დღეს კი, ჩვენს ეპოქაში, 21-ე საუკუნეში, მისი განვითარება სრულიად ახალ მოთხოვნებს გვიყენებს. სწორედ ამიტომ, დიდ დატვირთვას იძენს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია, რომლის პოზიტიური როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ ორგანიზაციის ძალისხმევის შედეგია გლობალური მასშტაბით ისეთი გარემოს შექმნა, სადაც დიდი თუ პატარა სახელმწიფოების ხმა თანაბრად ისმის. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ. ყველა ვთანხმდებით, რომ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციას დიდი როლი მიუძღვის საზღვაო ტრანსპორტის გლობალური სისტემის ჰარმონიზაციაში. ხელსაყრელი გეოგრაფია და უნიკალური მდებარეობა საქართველოს ხელს უწყობს გახდეს რეგიონული ჰაბი მრავალი მიმართულებით. სწორედ ამ მიზნით საქართველოს მთავრობა ახორციელებს მნიშვნელოვან ინიციატივებს იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს საერთაშორისო საინვესტიციო, საკომუნიკაციო, სატრანსპორტო, ლოგისტიკური, ტურისტული და საფინანსო ჰაბი. ეს არის ის გზა, რომელიც შესაძლებელს გახდის არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას და თვისობრივად შეცვლის საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას. საქართველო არის კარიბჭე 8 ქვეყნისთვის, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვს. ეს არისდიდი პასუხისმგებლობა და ამავე დროს დიდი შესაძლებლობა", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.