
საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით, საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგთა ტრენინგს განაგრძობს. აღნიშნული ტრენინგები "სკოლა-ბანკის" პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც ეროვნული ბანკისა და ახალგაზრდა თაობის ფინანსური განათლების მიმართულებით მომუშავე წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაცია Child and Youth Finance International-ის (CYFI) ერთობლივი პროექტია.
პროგრამის ფარგლებში, საჯარო და კერძო სკოლებში ეროვნული ბანკისა და CYFI-ს 15-გაკვეთილიანი მოდული ინერგება, რომელიც 12-დან 15 წლამდე მოზარდებზეა გათვლილი და რომელიც მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვან ყველა საკვანძო ფინანსურ საკითხს მოიცავს: დაზოგვა, გააზრებული ხარჯვა, ბიუჯეტირება, მომხმარებლის უფლებები და პასუხისმგებლობები, ფინანსური პროდუქტები, რისკები და შესაძლებლობები და გონივრული გადაწყვეტილების მიღება.
2017 წელს "სკოლა-ბანკის" პროგრამის ფარგლებში პედაგოგთა ორი ტრენინგი განხორციელდა და საპილოტე გაკვეთილები თბილისის, მცხეთისა და რუსთავის 11 საჯარო სკოლაში (თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში), ასევე, თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში დაინერგა.
2018 წლიდან კი "სკოლა-ბანკის" პროგრამაში ჩაერთვება თბილისის კერძო და ზუგდიდისა და წალკის მუნიციპალიტეტის რამდენიმე საჯარო სკოლა, ასევე თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი. სამომავლოდ იგეგმება პროექტის მასშტაბების ზრდა. "სკოლა-ბანკის" პროგრამაში სკოლების გარდა კომერციული ბანკების ჩართულობაც არის შესაძლებელი და მიმდინარე ეტაპზე პროექტში ერთი ბანკი მონაწილეობს. ზემოაღნიშნული დაწესებულებების პედაგოგებმა და კომერციული ბანკების ტრენერებმა ეროვნულ ბანკში ტრენინგი 13-14 ოქტომბერს გაიარეს.
Share