4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
16:41:03

სებ-ი სახსრების განთავსების რისკებთან დაკავშირებით მოსახლეობას კიდევ ერთხელ აფრთხილებს

By: Admin
2018-09-07 13:06:39
204

საქართველოს ეროვნული ბანკი სახსრების განთავსების რისკებთან დაკავშირებით მოსახლეობას კიდევ ერთხელ აფრთხილებს.

როგორც სებ-ის განცხადებაშია აღნიშნული, ის კომპანიები, რომელთა საქმიანობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ ექვემდებარება ეროვნული ბანკის ზედამხედველობას, შესაძლოა ფიზიკური პირებისაგან მოზიდულ სახსრებს საკმაოდ რისკიან აქტივებსა თუ ბიზნეს საქმიანობაში აბანდებენ. რიგ შემთხვევაში კი მათი საქმიანობა, "ფინანსური პირამიდის" ნიშნებსაც ატარებს.

„ამასთან, ბოლო პერიოდში ბაზარზე გამოჩნდა ისეთი ტიპის კომპანიები, რომლებიც თანხის მათთან დაბანდების სანაცვლოდ მომხმარებლებს სხვადასხვა ორგანიზაციებში აღებული სესხების დაფარვასაც სთავაზობენ. კომპანიები ასევე ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას, თითქოს ისინი ლიცენზირებულნი არიან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ.

საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ აფრთხილებს მოსახლეობას, საკუთარი თანხების დაბანდებამდე, მათი დაკარგვის რისკის თავიდან აცილების მიზნით, აუცილებლად გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე და მიიღონ გონივრული და ინფორმირებული გადაწყვეტილება. ასევე, თანხის დაბანდებამდე აუცილებლად გაითვალისწინონ, რომ მაღალი სარგებელი, სხვა თანაბარ პირობებში, გულისხმობს მაღალ რისკს.

ამასთანავე, პოტენციური რისკების შეფასების მიზნით, გადახედეთ თქვენს მიერ უკვე ხელმოწერილ ხელშეკრულებებს და გაარკვიეთ თუ ვის ანდობთ თქვენს დანაზოგებს“, - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.

Share