3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:43:30

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს პარლამენტში უსმენენ

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, 2018 წელს დამტკიცდა საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა III ეროვნული პროგრამა (NEAP3), რომელიც წარმოადგენს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სფეროში ქვეყნის უმთავრეს სტრატეგიულ დოკუმენტს და სამოქმედო პროგრამას.

ამის შესახებ მინისტრმა, პარლამენტში პლენარულ სესიაზე „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„2018 წელი იყო პირველი  და ძალიან მნიშვნელოვანი წელი გაერთიანებული სამინისტროსთვის. ჩამოყალიბდა ახალი სტრუქტურა, რომელმაც უნდა უპასუხოს იმ გამოწვევებს, რომელიც გაგვაჩნია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკა ეფუძნება სამ ძირითად სტრატეგიულ დოკუმენტს: საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა III ეროვნული პროგრამა 2017-2021 წლები; საქართველოს სოფლის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2017-2020 წლები; საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2015-2020 წლები“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის განცადებით, NEAP3 ქვეყანაში არსებული გამოწვევების, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების, მდგრადი განვითარების მიზნებისა და მრავალმხრივი გარემოსდაცვითი შეთანხმებების ვალდებულებების შესაბამისად განსაზღვრავს დარგის გრძელვადიან სტრატეგიულ პრიორიტეტებს, მიზნებს, ამოცანებსა და კონკრეტულ სამოქმედო გეგმას ხუთწლიანი პერიოდისთვის.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სამინისტროს საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას ქვეყნისთვის ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2018 წლის ბერნის კონვენციის მუდმივმოქმედი კომიტეტის შეხვედრაზე საქართველომ წარადგინა და კომიტეტმა დაამტკიცა ზურმუხტის 36 ტერიტორია. ამ ეტაპზე შერჩეულია 58 ზურმუხტის ტერიტორია, მათგან 39 - დამტკიცებულია ბერნის კონვენციის მუდმივმოქმედი კომიტეტის მიერ, 7 ტერიტორია არის კანდიდატი, ხოლო 12 - შეთავაზებული.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, 2018 წლის გაზაფხულზე და შემოდგომაზე ჩატარდა 3 საკომპენსაციო ტერიტორიის სამეცნიერო კვლევა. ზურმუხტის ტერიტორიების დამტკიცების შემდგომ კი,  6 წლის ვადაში  მომზადდება მართვის გეგმები.

მინისტრმა ასევე ისაუბრა სამინისტროს ფარგლებში „ველური ბუნების მართვის სააგენტო“ ჩამოყალიბების მნიშვნელობის საკითხზე.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  სსიპ „ეროვნული საშენი მეურნეობის“ ბაზაზე ჩამოყალიბდა სსიპ „ველური ბუნების ეროვნული სააგენტო“ ძირითადი ფუნქციებია: ფლორისა და ფაუნის სახეობათა ეტაპობრივი აღრიცხვისა და შემდგომი მონიტორინგის ორგანიზება, კვლევების ორგანიზება, აღწარმოებისთვის საჭირო სამუშაო გენოფონდის შექმნა, აღწარმოებისა და ჰაბიტატების აღდგენის  ორგანიზება; ნადირობისა და სპორტული თევზჭერის რეგულირება; კერძო სექტორისთვის სახეობათა გასამრავლებელი მასალისა და საკონსულტაციო მომსახურებების  მიწოდება; მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობა“, - აღიშნა ლევან დავითაშვილმა.

 

 

(NS)

Share