
83 მომხრე 1 წინააღმდეგი - საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ, 2020 წლის ქვეყნის ძირითადი ფინანსური დოკუმენტი დაამტკიცა.
მომდევნო წლის ბიუჯეტი 14 მილიარდ 432 მილიონ 900 ათასი ლარით განისაზღვრა.
კენჭისყრის შემდეგ, ბიუჯეტის ძირითად მიმართულებებზე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა:
„2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმასთან შედარებით იზრდება 1 მილიარდ 597 მილიონი ლარით. 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია როგორც სოციალური სფეროს, ისევ ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული მიმართულებების დაფინანსება.
კერძოდ, 2020 წლის პირველი იანვრიდან იზრდება ასაკით პენსიონერთან პენსიები და 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სოციალური გასაცემლები. საქმე ეხება 880 ათასზე მეტ ჩვენს თანამოქალაქეს. ამაზე ბიუჯეტიდან 2020 წელს მიემართება 220 მილიონ ლარზე მეტი;
პირველადი ჯანდაცვის გაუმჯობესების მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სასწრაფო დახმარების და სოფლის ექიმების ანაზღაურება 2020 წლის პირველი ივლისიდან იზრდება 100 ლარით. აქ საკითხი ეხება 8 ათასზე მეტ ჩვენს თანამოქალაქეს, რომლებიც ამ პროფესიაში არიან დასაქმებული;
ასევე, დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისათვის გამოყოფილია 2020 წლის ბიუჯეტში ჯამურად 122 მილიონ ლარზე მეტი, რაც შემდეგი წლის განმავლობაში მთლიანად მოხმარდება დევნილთა საცხოვრისით დაკმაყოფილებას.
საჯარო სკოლების უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლების დანამატი ხელფასზე 2019 წლიდან გაიზარდა მოგეხსენებათ, ეს იქნება ასახული 2020 წლის ბიუჯეტშიც. 2020 წელს, ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან, დამატებით 150 ლარით გაიზრდება მასწავლებლების ხელფასები, რაც მთლიანობაში 140 მილიონ ლარზე მეტია და ეხება 43 ათასამდე თანამოქალაქეს;
2020 წლის პირველი სექტემბრიდან 100 ლარით გაიზრდება საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა ანაზღაურება. აქ საკითხი ეხებათ მასწავლებლებს, აღმზრდელებს და სხვა 32 ათასზე მეტ მოქალაქეს. ამაზე მიემართება 15 მილიონ ლარამდე;
საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 2020 წლის ბიუჯეტში მიემართება 280 მილიონ ლარზე მეტი;
ხელფასები ეზრდებათ ჯარისკაცებს, მეხანძრე-მაშველებს, პოლიციელებს და მათთან გათანაბრებულ პირებს, რაზეც მიემართება 50 მილიონ ლარამდე. კერძოდ, მათ ხელფასები გაეზრდებათ 2020 წლის პირველი ივლისიდან საშუალოდ 125 ლარით;
2020 წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად გამოყ ილი იქნება 3,7 მილიარდი ლარი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი. ეს ნიშნავს ახალ ინფრასტრუქტურას, ახალ სამუშაო ადგილებს;
ასევე, 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე 240 მილიონ ლარზე მეტი, მათ შორის მინდა დავაკონკრეტო, შეღავათიანი აგროკრედიტებისთვის, რომელიც სოფლის მეურნეობის სფეროს მოხმარდება, გამოყოფილია 74 მილიონი ლარი, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობ სხვა პროგრამებზე 57 მილიონი ლარი, ხოლო მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამებზე 20 მილიონი ლარი;
რეგიონებში განსახორციელებლი პროექტების ფონდისთვის, გათვალისწინებული 2020 წლის ბიუჯეტში იქნება 350 მილიონი ლარი;
რაც შეეხება მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდს და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს, მათთვის 2020 წლის ბიუჯეტში გამოყოფილი იქნება 20 მილიონი ლარი;
თბილისის ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, დამატებით გათვალისწინებულია 90 მილიონი ლარი.
არის სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც 2020 წლის ბიუჯეტში, ეს არის ბიუჯეტი, რომელიც სოციალურ პასუხისმგებლობებს აკმაყოფილებს და ასევე ემსახურება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
Share