
„საქართველოში მაინც ძველი გამოცდილებიდან არის დარჩენილი ის შეხედულება, რომ (ბიზნესი) დაელოდება არჩევნებს და მერე დაიწყებს ინვესტირებას“, - ამის შესახებ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ განუცხადა.
პერტაია პოლიტიკოსებს მოუწოდებს, რომ ბიზნესგარემოზე საუბრისას გაითვალისწინონ ის, რომ ბიზნესი სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესია. მისივე თქმით, საუბარი იმაზე, რომ ქვეყანაში ინვესტიციები არ შემოდის, არასწორია.
„ჩვენ აუცილებლად უნდა გადავლახოთ ეს შეხედულება, რომ წინასაარჩევნო პერიოდში გარკვეული ეკონომიკური აქტივობის შემცირება ხდება. ეს გასავლელი ეტაპია. საქართველოში მაინც ძველი გამოცდილებიდან არის დარჩენილი ის შეხედულება, რომ (ბიზნესი) დაელოდება არჩევნებს და მერე დაიწყებს ინვესტირებას. რაც შეეხება თავად პოლიტიკოსებს, ახლა სიტუაცია ძალიან ცხელია და პოლიტიკოსები ძალიან ბევრს საუბრობენ ბიზნესგარემოზე. მინდა მოვუწოდო პოლიტიკოსებს, როდესაც ბიზნესგარემოზე საუბრობენ, გაითვალისწინონ, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის. უსაფუძვლო საუბარი იმაზე, რომ ამ ქვეყანაში ბიზნესის კეთება არ შეიძლება და ინვესტიციები არ შემოდის, არის არასწორი.
დავიწყოთ იქიდან, რომ ინვესტიციების შემცირება იყო... არასწორია საუბარი იმაზე, რომ ბიზნესის კეთება რთულია, ასე არ არის, ყველაფერი შედარებითია. რეგიონში პირველები ვართ, Doing Busines-ში და ბევრ სხვა რეიტინგში ვართ საკმაოდ მაღალ ნიშნულზე. ჩვენს ქვეყანაში კომპანიის დარეგისტრირება და მერე მისი ამოქმედება არ არის დაკავშირებული კორუფციულ გარიგებებთან და ა.შ. ანუ, ქვეყანაში ბიზნესგარემო კარგია. პრობლემები არის, რაღაც ნაწილში შეიძლება გამოსასწორებელია რიგი საკითხები, მაგრამ მთლიანობაში იმის ლაპარაკი, რომ ქვეყანაში ბიზნეს გარემო ცუდია, არასწორია“, - განაცხადა "ბიემჯისთან" ინტერვიუში გიორგი პერტაიამ.
Share