
„შეხვედრაზე ჩვენ მოვისმინეთ მალაიზიის მხარის დიდი ინტერესი, საქართველოსთან ურთიერთობა განავითაროს.
მნიშვნელოვანია, რომ მათ, ჩვენს მსგავსად, სურვილი აქვთ ყურადღება გაამახვილონ ისეთ პრიორიტეტულ სფეროებზე, როგორიცაა ტურიზმი, ლოგისტიკა, ტრანსპორტი, ერთობლივი ბიზნესი, განათლება“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მალაიზიის საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა
. დელეგაციას მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს ტან სრი დატო მოჰამად არიფ მდ. იუსოფი ხელმძღვანელობდა.
„ჩვენ მალაიზიის პარლამენტის დელეგაციის წევრებს მოვუყევით, რომ განათლება არის ჩვენი მაღალი რანგის პრიორიტეტი - 2022 წლიდან ჩვენი მშპ - ს 6 პროცენტი დაიხარჯება სწორედ განათლების რეფორმასა და განათლების სექტორში, ასევე ვისაუბრეთ იმ საჭიროებებზე, რაც არსებობს პროფესიული განათლების თვალსაზრისით. შევთანხმდით, რომ დავეხმარებით ჩვენს უნივერსიტეტებს, წარმართონ სტუდენტური გაცვლის პროგრამები", - განაცხადა ნათია თურნავამ.
კიდევ ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რომლის შესახებაც ნათია თურნავამ მალაიზიის საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ისაუბრა, ერთობლივი ბიზნეს ფორუმების მოწყობა და ორივე ქვეყანაში ბიზნეს დელეგაციების ვიზიტების ორგანიზება იყო.
(NS)
Share