4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
13:07:52

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონის კომენტარები მომზადდა

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონის კომენტარების პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიება სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა გახსნა.

სტუმრებს  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ და კომპანია EVOLUXER-ის წარმომადგენელმა მაია ნებიერიძემ მიმართეს.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები და საერთაშორისო, არასამთავრობო და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები.

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონი 2013 წლის 12 ივლისს იქნა მიღებული, ის  ერთ-ერთი პირველი ნორმატიული აქტია, რომელმაც მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა აგროკოოპერაციის განვითარებას   და რომლითაც მოხდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შექმნისა და ფუნქციონირების ორგანიზაციული ნორმების დადგენა, ასევე განისაზღვრა  კოოპერატივის შიდასაწარმოო ეკონომიკური ურთიერთობების ძირითადი წესები.

კანონის კომენტარები მომზადდა მკითხველთა ფართო წრისათვის. მისი გამოყენება მნიშვნელოვნად გაამარტივებს კანონით გაწერილი ნორმების აღქმასა და პრაქტიკაში გამოყენებას. 

პუბლიკაცია გადაეცემა აგროკოოპერაციით დაინტერესებულ პირებს და მისი ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე  www.acda.gov.ge

აღსანიშნავია, რომ კანონის კომენტარები მომზადდა და გამოიცა  ესპანური კომპანია EVOLUXER-ის მხარდაჭერით, რომელიც ევროკავშირის  მიერ დაფინანსებული  სოფლისა და  სოფლის მეურნეობის  განვითარების ევროპის  სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების  სააგენტოს გაძლიერების“ პროექტს ახორცილებს.

დღეისათვის საქართველოში სხვადასხვა დარგის 1500 -ზე მეტი  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული. სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით კოოპერაცია აგრარული პროდუქციის წარმოების ზრდას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დანერგვას და, შედეგად, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას უწყობს ხელს.

 

(NS)

Share