
„პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ამოქმედების შემდეგ, ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების ზრდა შენელდა და შემოსავლების ზრდას უფრო მეტად შეესაბამება“, - ამის შესახებ წერს საქარტველოს ეროვნული ბანკი.
მათი ინფორმაციით, 2020 წლის იანვარში ბანკების მიერ შინამეურნეობების დაკრედიტების წლიურმა ზრდამ 10.8% შეადგინა.
„შინამეურნეობებზე გაცემული სესხების წლიურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი იპოთეკურმა და ინდივიდუალურ მეწარმეებზე გაცემულმა სესხებმა შეიტანა.
გარდა ამისა, 2019 წლის დასაწყისიდან გაუმჯობესდა დაკრედიტების სტანდარტები. კერძოდ, შემცირდა ისეთი იპოთეკური სესხების წილი, რომელთა მომსახურების კოეფიციენტი (PTI) 50 პროცენტზე მეტია“, - წერს სები.
საქართველოს ეროვნულ ბანკსი აღნიშნავენ, რომ ფინანსური რესურსი იურიდიული პირების დასაფინანსებლად გაიზარდა.
„2020 წლის იანვარში იურიდიული პირების დაკრედიტების წლიური ზრდა 22.9 პროცენტამდე გაიზარდა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 4.6 პპ-ით აღემატება.
ეროვნულმა ბანკმა ფიზიკური პირების დაკრედიტების რეგულაციის გამარტივებისა და მისი პრინციპებზე დაფუძნებული მიდგომის განმტკიცების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული გულისხმობს, რომ სესხის გამცემ სუბიექტებს მომხმარებლების დაკრედიტებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ტვირთი შეუმცირდებათ და რისკების მართვაში მეტი მოქნილობა მიეცემათ.
შემცირდება, მათ შორის, სესხის მომსახურების კოეფიციენტისთვის განსაზღვრული შემოსავლის ზღვრების რაოდენობა. აღსანიშნავია, რომ რეგულაციის ძირითადი პრინციპი უცვლელია და სესხის გამცემმა ორგანიზაციამ მსესხებელს ისეთი ფინანსური ვალდებულება არ უნდა დააკისროს, რომლის მომსახურებაც მომხმარებლისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ სირთულეს წარმოადგენს“, - აღნიშანავენ საქართველოს ეროვნულ ბანკში.
Share