
დღეს ნავთობის ფასი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა და ერთი ბარელის ღირებულება 29 დოლარამდე დავიდა. - კრიზისი მას შემდეგ განვითარდა, რაც ოპეკმა და რუსეთმა ვერ შეძლეს ნავთობის მოპოვების შემცირების შესახებ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება. ერთ ღამეში 8-9 მარს ერთი ბარელი ღირებულება 14 დოლარით შემცირდა.
როგორც CNN, იუწყება, ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნა, რუსეთის ხელისუფლების ბრალია, რომელსაც არ უნდა წარმოების შემცირება და ვერ მოახერხა ოპეკთან მოლაპარაკება. რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მოიპოვებს იმდენ ნავთობს, რამდენსაც თავად ჩათვლის საჭიროდ. ოპეკი კრემლთან დიალოგს მარტის დასაწყისიდან აწარმოებდა.
საუდის არაბეთი დღე-ღამეში ნავთობის მოპოვების 1,7 მილიონი ბარელით შემცირებას მოითხოვდა, თუმცა წინადადებას რუსეთი არ დათანხმდა. ამგვარად, ჩაიშალა 2016 წლის შეთანხმებაც და ნავთობის მოპოვებაზე მანამდე არსებული ლიმიტებიც. გარიგების ჩავარდნიდან მალევე ცნობილი გახდა, რომ საუდის არაბეთი ნავთობის მოპოვების გაზრდას აპირებს.
ამჟამად, საუდის არაბეთი დღე-ღამეში 9,8 მილიონ ბარელ ნავთობს მოიპოვებს, როგორც ცნობილია, ეს მაჩვენებელი უახლოეს მომავალში შესაძლოა 12 მილიონ ბარელამდე გაიზარდოს.
1991 წლიდან მოყოლებული ერთი სავაჭრო დღის განმავლობაში ნავთობის ფასები ამდენით არასდროს შემცირებულა. ბოლოს ასე მკვეთრად ნავთობის ფასები 1991 წელს აშშ-ის მიერ ქუვეითში სამხედრო ოპერაციის "უდაბნოს ქარიშხალის" დაწყების დღეს შემცირდა. ოპერაცია ერაყის დიქტატორის, სადამ ჰუსეინის მიერ მეზობელი ქუვეითის ოკუპაციის შეწყვეტას ისახავდა მიზნად.