
საქართველოს მთავრობა ტურიზმთან დაკავშირებულ რამდენიმე დარგში დასაქმებულ კომპანიებს ოთხი თვით ქონებისა და საშემოსავლო გადასახადს გადაუვადებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, კორონავირუსის გამო ბიზნესსა და ეკონომიკას დარტყმის შერბილებაში მთავრობა უნდა დაეხმაროს.
„მთავრობა ამ ეტაპზე, ტურიზმთან დაკავშირებულ ისეთ დარგებში და ისეთი კომპანიებისთვის, რომლებიც საქმიანობენ სასტუმროების და რესტორნების, ტურისტული სააგენტოების, სატრანსპორტო კომპანიების, საექსკურსიო კომპანიების და სხვა სფეროებში, ოთხი თვით გადაუვადებს ქონებისა და საშემოსავლო გადასახადს, პირველ ნეომბრამდე“, – აღნიშნა პრემიერმა.
მისი თქმით, ეს შეეხება 18 ათას კომპანიას, რომელიც ოპერირებს დღეს საქართველოში და ასევე 50 ათასზე მეტ დასაქმებულ პირს.
„ ეს დამატებით დატოვებს ამ სექტორში ოთხი თვის განმავლობაში – მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი, დაახლოებით 100 მილიონზე მეტ ფინანსურ რესურსს“, – განაცხადა პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრეკონფერენციაზე.
Share