2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:58:22

ვანის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა დარგის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები საქმიანობენ

By: Admin
2017-07-12 12:48:30
204

ვანის მუნიციპალიტეტში  სოფლისა და  სოფლის მეურნეობის  განვითარების ევროპის  სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საქმიანობას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, ვანის მაჟორიტარ დეპუტატთან გრიგოლ ლილუაშვილთან  და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარესთან გიორგი მიშელაძესთან ერთად გაეცნო.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ENPARD-ის პარტნიორი ორგანიზაციის „მერსი ქორფს“-ის  მიერ დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების „სოფლის ნობათისა“ და „ჭყვიშის“  საქმიანობა   ბოსტნეულისა და ბაღჩეულის მოყვანას მოიცავს, როგორც ღია ასევე დახურულ გრუნტში.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „ისრითს“  გაშენებული აქვთ ჟოლოს ბაღი, ხოლო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი   „ორე ეტ ლაბორა“ მეფუტკრეობის მიმართულებით საქმიანობს.

ევროკავშირი ENPARD-ის პროგრამის მეშვეობით მხარს უჭერს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას საქართველოში.

 ENPARD-ის პროგრამის მთავარი მიზანია საქართველოში სოფლად სიღარიბის აღმოფხვრა.  2013 წლიდან, ევროკავშირმა ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, 12 მილიონი ლარით  დააფინანსა  260 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი.

სახელმწიფოს მხარდაჭერით ხორცილდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამები. დღეისათვის, სხვადასხვა დარგის 1500 -ზე მეტი  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული, რომელშიც 13000-ზე მეტი ფერმერია გაერთიანებული.

 სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით კოოპერაცია აგრარული პროდუქციის წარმოების ზრდას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დანერგვას და, შედეგად, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას უწყობს ხელს.

(NS)

Share