
„მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში დაშვებული იქნება ისეთი საწარმოების საქმიანობა, რომლებიც არ საჭიროებენ დახურულ სივრცეში მუშაობას“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
მისი თქმით, უახლოეს დღეებში სხვადასხვა დარგის საწარმოებს და ბიზნესასოციაციებს მთავრობა ასევე მიაწვდის დარგობრივ გაიდლაინებს.
„საკოორდინაციო საბჭოზე დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მიუხედავად მკაცრი კარანტინისა, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში დაშვებული იყოს ისეთი საწარმოების ფუნქციონირება, რომლებიც არ საჭიროებენ დახურულ საწარმოში მუშაობას - ასეთია, მაგალითად, კარიერების წარმოება, ქვიშა-ხრეში მოპოვება, საშენი მასალების მოპოვება, რომელიც ღია სივრცეში ხორციელდება და სხვა მსგავსი სამუშაოები, რომლებიც ღია სივრცეში ხორციელდება. ამ სახის საქმიანობების გარკვეული კონკრეტული სია გამოქვეყნდება უახლოეს საათებში", - ამის შესახებ ნათია თურნავამ განაცხადა.
მანვე აღნიშნა, რომ წარმოებები აგრძელებენ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში.
„ბევრი შეკითხვა შემოდის საწარმოებიდან და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ წარმოებები აგრძელებენ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში, უბრალოდ მოვითხოვთ მენეჯერებისგან, რომ ორგანიზება გაუწიონ თავისი პერსონალის დაცვას და შეასრულონ უსაფრთხოებისთვის დადგენილი წესები", - განაცხადა ნათია თურნავამ.
(NS)
Share