-1.16 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-18  
09:12:52

თურნავა - პირველ რიგში, ვიწყებთ იმ საწარმოების შემოწმებას, რომლებსაც ფუნქციონირების უფლება უკვე მიეცათ

By: Admin
2020-04-06 15:01:39
204

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას თქმით, სამინისტრო სხვა სექტორებთან ერთად იწყებს საწარმოების შემოწმებას, რათა დადგინდეს რამდენად ასრულებენ ისინი რეკომენდაციებს.

მინისტრის თქმით, პირველ რიგში, ის საწარმოები შემოწმდება, ვისაც უკვე მიეცა ფუნქციონირების საშუალება.

 „თავიდან მე მინდა დავიწყო ახალი ინფორმაციით, რაც შეეხება ბიზნესთან ჩვენი  შემდგომი ურთიერთობის ყველაზე საჭირბოროტო საკითხებს. მოგეხსენებათ, რომ ახლა ჩვენ მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით ნებადართული საქმიანობები გვაქვს აქტიური, სხვა ბიზნესები დროებით შეჩერებულია, სანამ არ დავრწმუნდებით, რომ ასრულებენ უსაფრთხოების ნორმებს. პარასკევს მოვახერხეთ და ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე განვათავსეთ სპეციალური სხვადასხვა ბიზნესსექტორზე მორგებული აპლიკაციები.

ძალიან აქტიურობს ბიზნესი იმიტომ, რომ დროულად უნდათ, რომ დაუბრუნდნენ მუშაობის ჩვეულ რითმს. მერწმუნეთ, რომ ჩვენც იგივე გვინდა, ძალიან ბევრი აპლიკაციაა უკვე შემოსული. პირველ რიგში, ვიწყებთ იმ სისტემური საწარმოების შემოწმებას, ვისაც დღესდღეობით ფუნქციონირების უფლება მიეცა და მათ დამატებით პასუხისმგებლობას აკისრებს. შემოწმების მიზანია, დავრწმუნდეთ, რომ ყველა მითითებული წესი დაცულია და იქ საქმიანობა უსაფრთხოა. შემოწმების პროცესი ძალიან ინტენსიურად წარიმართება და ვვარაუდობთ, რომ გაერთიანებული ძალებით დღეში 50-მდე სხვადასხვა საწარმოსა და ბიზნესის შემოწმებას შევძლებთ, რადგან მნიშვნელოვანია ეს პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს", - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, რა თქმა უნდა, პარალელურად, დაიწყება იმ ბიზნეზების მდგომარეობის შემოწმება, ვისაც დროებით შეუჩერდა საქმიანობის უფლება. ასეთ ბიზნესებს მიეცათ საშუალება, დროულად გადაეწყონ და უპასუხონ ამ ახალ სტანდარტებს და შემდგომში გააგრძელონ ფუნქციონირება.

მინისტრის განმარტებით, ეს არის დიდი და შრომატევადი პროცესია, რასაც გარკვეული დრო დასჭირდება და ამას უნდა შევეგუოთ.

„რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, რომ კომპანიებს უსაფრთხო ბიზნესსაქმიანობის წესებზე სიღრმისეულად გადასაწყობად დრო სჭირდებათ. მაგრამ ეს არის ინვესტიცია, რომელიც მეწარმეებს არ დაეკარგებათ, იმიტომ, რომ სამომავლოდ ეს იქცევა ცხოვრების წესად. ამიტომ მივმართავ ბიზნესებს - კარგად მოემზადეთ, ეს დღეები გამოიყენეთ მოსამზადებლად იმისთვის, რომ წარმატებით გაიაროთ შემოწმების პროცესი და ჩვენ შევძლოთ თავისუფლად, მშვიდად მოგცეთ შემდგომი საქმიანობის გაგრძელების უფლება", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ამასთან, მინისტრის თქმით, შემოწმების მთავარი მიზანი არა დასჯა, არამედ ბიზნესის დახმარებაა, რომ რაც შეიძლება, სწრაფად გადაეწყონ პოსტკოვიდურ ეტაპზე.

„აქვე მინდა გითხრათ, რომ შემოწმების პროცესის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი თავად დასაქმებულები იქნებიან, რომლებიც ცხელი ხაზის მეშვეობით შეგვატყობინებენ, არღვევს თუ არა რომელიმე საწარმო დადგენილ წესსა და გაიდლაინს.  მაგრამ ჩვენი მთავარი ამოცანა არის არა დასჯა, მიუხედავად იმისა, რომ იქნება ჯარიმები და კანონმდებლობა საქმიანობის შეჩერებასაც ითვალისწინებს, არამედ ბიზნესის დახმარება, რომ რაც შეიძლება სწრაფად გადაეწყოს პოსტკოვიდურ ეტაპზე და მათი საქმიანობა იყოს უსაფრთხო, რათა თავისუფლად გააგრძელონ საქმიანობა", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share