
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, COVID-19-ის (კორონავირუსის) პანდემიის ზემოქმედების შესარბილებლად უმნიშვნელოვანესია, ისეთი გადამწყვეტი ღონისძიებების განხორციელება, რომლებიც ჯანდაცვის სფეროში ინვესტიციების პრიორიტეტულობას განსაზღვრავს და ადამიანებისთვის, განსაკუთრებით კი ყველაზე მოწყვლადი პირებისთვის სოციალურ დახმარებას უზრუნველყოფს.
ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო ბანკი აქვეყნებს.
„ასეთ განსაკუთრებულად რთულ დროს, აუცილებელია პოლიტიკის შემმუშავებლების გადამწყვეტი მოქმედებები“, აღნიშნა მსოფლიო ბანკის ვიცე - პრეზიდენტმა ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში სირილ მიულერმა.
მისივე თქმით, „ეს ნიშნავს სწრაფ გადასვლას ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სისტემების გაძლიერებაზე, კერძო სექტორის ხელშეწყობაზე და ფინანსური სტაბილურობისა და ნდობის შენარჩუნებაზე - რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია ადამიანთა სიცოცხლისთვის.“
პროგნოზები COVID-19-ით გამოწვეულ ეკონომიკურ სირთულეებთან დაკავშირებით გაურკვეველია. ამიტომ, ანგარიში იძლევა სიმულაციებს ეკონომიკური ზრდის შედეგების დიაპაზონის საილუსტრაციოდ, რომელთა მატერიალიზაცია შეიძლება მოხდეს პანდემიის გამო. *სცენარები მიუთითებს, რომ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში 2020 წელს ადგილი ექნება ეკონომიკურ ვარდნას და ზრდის მაჩვენებელი მოექცევა -4.4 და -2.8 პროცენტს შორის, სანამ დაიწყებს აღმასვლას 2021 წელს დარგობრივი პოლიტიკის ღონისძიებების გატარების, სასაქონლო ფასების თანდათანობითი აღდგენის და ვაჭრობის გაძლიერების შედეგად.
ანგარიშის მიხედვით, ხელშეწყობის ისეთი ღონისძიებების გატარება, როგორებიცაა ფულადი ტრანსფერები ან ჯანდაცვის სუბსიდიები მოწყვლადი მოსახლეობისა და ოჯახების დასახმარებლად, ასევე, მოკლევადიანი ბიზნესსესხები და კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ეკონომიკური ვარდნის შესამსუბუქებლად და სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად. მცირე და საშუალო საწარმოები, რომლებზეც გავლენა იქონია არსებულმა სიტუაციამ, შეძლებენ მნიშვნელოვანი სარგებლის მიღებას მიზნობრივი სახელმწიფო სუბსიდიებიდან.
რაც შეეხება საქართველოს, მშპ-ის რეალური ზრდა, პროგნოზის თანახმად, მკვეთრად შემცირდება და 2020 წელს ნულოვან პროცენტს მიუახლოვდება, რამდენადაც COVID-19-ის ზემოქმედება დაემატება გამოწვევებით ისედაც აღსავსე საგარეო მდგომარეობას. ეს ნაწილობრივ შერბილდება ფისკალური სტიმულირებით მშპ -ის დაახლოებით 2 პროცენტით, კაპიტალური ხარჯვის სიჩქარის შეკავებით, საგადასახადო დავალიანების დაფარვის გადავადებით, დღგ-ის დაბრუნების დაჩქარებით და დარგობრივი მხარდაჭერის აღმოჩენით ზემოქმედების ქვეშ მყოფი საწარმოებისთვის, ისევე როგორც სოციალური ხარჯების ზრდით. აღნიშნული ღონისძიებების შედეგად, ანგარიშის თანახმად, მოსალოდნელია, რომ ფისკალურმა დეფიციტმა 2020 წელს მშპ-ის 5.2 პროცენტი შეადგინოს. საქართველოს ეკონომიკაზე მწვავე ზემოქმედება ექნება რამდენიმე ფაქტორს - სატრანსპორტო შეზღუდვები გავლენას ახდენს მოგზაურობაზე და ტურიზმზე, ხოლო შემაკავებელი ღონისძიებები ამცირებს ადგილობრივ მოთხოვნას.
Share