
საქართველოში მოქმედი 5 ბიზნესგაერთიანება კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით, ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობისა და სასწრაფოდ მისაღები კონკრეტული ნაბიჯების შესახებ განცხადებას აქვეყნებს.
მათი თქმით, საქართველოს მთავრობის მხრიდან უნდა გადაიდგას თამამი, კონკრეტული და ეფექტური ნაბიჯები იმისათვის, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ქვეყნის ეკონიმიკა არ აღმოჩნდეს კატასტროფის წინაშე.
„წარმოგიდგენთ კრიზისის პერიოდში მთავრობის მიერ სასწრაფოდ გადასადგმელ აუცილებელ კონკრეტულ ნაბიჯების ჩამონათვალს. აქვე ავღნიშნავთ, რომ ეს რეკომენდაციები ჩამოყალიბდა ჩვენს გაერთიანებებში შემავალი კომპანიებთან კონსულტაციების შედეგად და ეჭვგარეშეა, რომ მათ, კონკრეტული დარგების წარმომადგენლებმა, დღეს ყველაზე კარგად იციან ბიზნესის ფუნქციონირების სხვადასხვა საფეხურზე, მათ შორის საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობის საფინანსო ვალდებულებების (ბიუჯეტისა და საკრედიტო ინსტიტუტების მიმართ) თუ უშუალოდ საოპერაციო პროცესში ჩართულობის კუთხით, რა გადაუდებელი ღონისძიებების გატარებაა საჭირო, რომ არ მოხდეს შემდგომ პერიოდში სუტუაციის მკვეთრად დამძიმება.
ეს რეკომენდაციებია:
1) სასწრაფოდ გაუქმდეს ტვირთების განბაჟების დროს ე.წ. ყვითელი დერეფანი, როგორც დამამუხრუჭებელი და არაპროგნოზირებადი მექანიზმი, უაღრესად ხელის შემშლელი ბიზნესისათვის ფულადი საბრუნავი საშუალებების შესანარჩუნებლად;
2) დღგ-ს გადახდის ვალდებულება დადგეს საქონლის რეალიზაციის შემდეგ , რაც იძლევა საშუალებას მეტი საბრუნავი თანხა დარჩეს ბიზნესს. აუცილებელია აღსდგეს ე.წ. ოქროს სიის პრინციპი, მხოლოდ, აქამდე არსებულისგან იმ განსხვავებით, რომ ეს წესი უნდა გავრცელდეს უკლებლივ ყველა კომპანიაზე;
3) შეჩერდეს საშემოსავლო გადასახადის გადახდა, 6 თვის ვადით;
4) შეჩერდეს საპენსიო შენატანების გადახდა, ასვე 6 თვის ვადით;
5) ქონების გადასახდის ივნისში გადახდის ვალდებულება გადავადდეს 6 თვის ვადით“, - განაცხადა ხუთმა ბიზნესგაერთიანებამ.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ყველა ეს ღონისძიება ატარებს დროებით ხასიათს. აღნიშნულიდან პირველი ორი საკითხი მნიშვნელოვანია იქედან გამომდინარე, რომ ბიზნეს-ოპერატორებმა ჯერ კიდევ სტაბილური ეკონომიკის პირობებში შეკვეთილი ნედლეული თუ სხვა პროდუქცია მიიღეს ახლა, კრიზისის და გართულებული ეკონომიკური ოპერირების დროს.
„შესაბამისად, უაღრესად პრობლემურია, და ზოგ შემთხვევაში შეუძლებელიც კი, ზემოაღნიშნული საბაჟო დერეფნებისა და დღგ-ს მყისიერად გადახდის მოთხოვნის პირობებში ფულადი სახსრების მობილიზება. ეს კი იწვევს კანონით განსაზღვრულ სანქციებს, ინკასოებს, დაჯარიმებებს და რაც მთავარია, საქონლის საბაჟო სივრცეში დაყოვნებას. შესაბამისად, კომპანიების უმეტესობა აღმოჩნდება უმძიმეს მდგომარეობაში რაც პირდაპირ აისახება ქვეყნის საჭირო პროდუქტებით მომარაგებაზე და შემდგომ, მთლიანად ეკონიმოკაზე. მე-3, მე-4 და მე-5 საკითხები კი პირდაპირ კავშირშია მოქმედი ბიზნეს-სუბიექტების მიერ სამუშაო ადგილების შენარჩუნებასთან, რაც კრიზისულ ვითარებაში ასევე სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენს. აქ, ბუნებრივია, თავად კომპანიებმაც უნდა აიღონ თავისი წილი პასუხისმგებლობა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ბიზნესგაერთიანებები მოუწოდებებნ მთავრობას სასწრაფოდ გადადგას ქმედითი ნაბიჯები და მიღებულ იქნას კონკრეტული გადაწყვეტილებები აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.
ცნობისთვის, განცხადებას ავრცელებს ხუთი ბიზნესგაერთიანება: საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია, საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირი, საქართველოს დამსაქმებელთა ასოცისაცია და ევროკავშირი -საქართველოს ბიზნეს საბჭო.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share