5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
14:58:20

ონლაინ მედიაცია და ფასილიტაცია ხელს უწყობს საქართველოს ბიზნესს, შეინარჩუნოს ჯანსაღი ბიზნეს გარემო და ნაკლები დანაკარგებით გადაიტანოს პანდემიით გამოწვეული კრიზისი

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

COVID-19 პანდემიით გამოწვეული კრიზისის პირობებში ბიზნეს კომპანიებს ხშირად უწევთ საქმიანობის ძირეული გარდაქმნა ან შეჩერება, რაც იწვევს უთანხმოებასა და დავებს ბიზნეს პარტნიორებს შორის. ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ხელს უწყობენ საქართველოს კომპანიებს, დროულად და ეფექტიანად მოაგვარონ კრიზისის ფონზე წარმოქმნილი კომერციული დავები და ნაკლები დანაკარგებით შეინარჩუნონ ბიზნეს საქმიანობა. 

23 აპრილიდან, სამთვიანი საპილოტე პროექტის ფარგლებში, ყველა სახის ბიზნესისთვის ხელმისაწვდომი გახდება დისტანციური მედიაციისა და ფასილიტაციის მომსახურება. პროექტს ახორციელებენ საქარქთველოს სავაჭრო-სამრწველო პალატასთან არსებული საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი (GIAC) და მედიაციის ინიციატივა RESOLVE ევროკავშირისა და UNDP-ის მხარდაჭერით.

„ამ რთულ დროს ევროკავშირი საქართველოს ყველაზე საიმედო პარტნიორია“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა. „ჩვენი ხელშეწყობით კერძო სექტორი შეძლებს გადაარჩინოს ბიზნესი და გადაიტანოს ეკონომიკური შოკი.“
„საქართველოში ეკონომიკური საქმიანობა მეტწილად შეჩერებულია, რაც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის აუცილებლობამ გამოიწვია“, - აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვნელმა ლუიზა ვინტონმა. „მაგრამ ადამიანების საარსებო წყაროს გადარჩენა ასევე მნიშვნელოვანია. ონლაინ მედიაცია და ფასილიტაცია მოქნილ და ხელმისაწვდომ მექანიზმს სთავაზობს ქართულ კომპანიებს ბიზნეს პარტნიორებთან წარმოქმნილი დავების პრევენციის, მართვისა და მოგვარებისთვის. ამ რესურსის გამოყენება კერძო სექტორის ფინანსურ დანაკარგებს შეამცირებს, ხოლო ბიზნესში დასაქმებულებს სამუშაო ადგილების შეუნარჩუნებაში დაეხმარება.“

კომერციული დავების დისტანციურ მოგვარებაში ჩართულები იქნებიან გამოცდილი პროფესიონალები და სერტიფიცირებული მედიატორები, რომლებიც ამ კონფიდენციალურ, მიუკერძოებულ და მოქნილ პროცესს საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) მიერ შემუშავებული წესებისა და დისტანციური მედიაციის პროტოკოლების მიხედვით წარმართავენ. 

ონლაინ მედიაციისა და ფასილიტაციის მეშვეობით კომპანიები დროულად დაუკავშირდებიან ბიზნეს პარტნიორებს, ერთად განიხილავენ კრიზისის შედეგად წარმოქმნილ პრობლემებს და შესაბამის ცვლილებებს შეიტანენ იმ შეთანხმებებსა და კონტრაქტებში, რომელთა შესრულება გართულებულია პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო.  

დაინტერესებული კომპანიები ონლაინ განაცხადს წარუდგენენ  საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) სამდივნოს, რომელიც ადმინისტრირებას გაუწევს  მედიაციისა ან ფასილიტაციის პროცესის ინიცირებას. საპილოტე პროგრამის პირობებით სარგებლობა შეუძლიათ იმ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში არიან რეგისტრირებული და რომელთა სავარაუდო ან არსებული დავები კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილმა ვითარებამ გამოიწვია. 

პროექტის საპილოტე ფაზაში ევროკავშირი და UNDP დაფარავენ მედიაციისა თუ ფასილიტაციის ერთ დღის საფასურს, ხოლო საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი (GIAC) გაათავისუფლებს მათ თავისი ადმინისტრაციული ხარჯებისგან. ამის შედეგად შემცირდება ბიზნესზე უკვე არსებული ფინანსური წნეხი, ხოლო დავების ონლაინ მოგვარება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება.  

Share