
„მოსალოდნელია 2020 წლის განმავლობაში ლითონის ფასების კლება 13 პროცენტით, რადგან შემცირებული მოთხოვნა და ძირითადი დარგების გაჩერება ბაზარს მძიმე ტვირთად აწვება“, - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის „სასაქონლე ბაზრების მიმოხილვაში“ ვკითხულობთ.
მიმოხილვიდან ირკვევა, რომ ლითონის ფასები დაეცა 2020 წლის დასაწყისში. მნიშვნელოვნად შემცირდა სპილენძის და თუთიის ფასი, რაც განსაკუთრებით უკავშირდება გლობალურ ეკონომიკურ საქმიანობას.
„მოსალოდნელია 2020 წლის განმავლობაში ლითონის ფასების კლება 13 პროცენტით, რადგან შემცირებული მოთხოვნა და ძირითადი დარგების გაჩერება ბაზარს მძიმე ტვირთად აწვება. გლობალური ეკონომიკური ვარდნა ყველაზე მეტად გავლენას იქონიებს სამრეწველო ლითონებზე, განსაკუთრებით ჩინეთში, რომელზეც მოდის ლითონებზე არსებული მსოფლიო მოთხოვნის ნახევარზე მეტი“, - წერია „სასაქონლე ბაზრბეის მიმოხილვაში“.
აღსანიშნავია ისიც, რომ სასოფლო-სამეურნეო ფასები ნაკლებად არის მიბმული ეკონომიკურ ზრდაზე და მხოლოდ უმნიშვნელო კლება აღინიშნა 2020 წლის პირველ კვარტალში, რეზინის გარდა, რომელიც ტრანსპორტის სფეროში გამოიყენება.
„ძირითადად მოსალოდნელია ფასების სტაბილურობის შენარჩუნება 2020 წლის განმავლობაში, რამდენადაც წარმოების დონეები და ძირითადი სასურსათო პროდუქციის მარაგები რეკორდულად მაღალია. თუმცა, შესაძლებელია სასოფლო - სამეურნეო პროდუქციის წარმოება შეფერხების წინაშე აღმოჩნდეს ნედლეულით (მაგ. სასუქი, პესტიციდები) ვაჭრობაში და დისტრიბუციაში არსებული შეფერხების და შრომითი რესურსების ხელმისაწვდომობის გამო. მიწოდების ჯაჭვების შეფერხებამ უკვე იქონია გავლენა განვითარებად ბაზრებზე და ისეთი მალფუჭებადი პროდუქტების ექსპორტის განვითარებაზე, როგორებიცაა ყვავილები, ხილი და ბოსტნეული“, - ნათქვამია მიმოხილვაში.
„ეს უდიდესი შოკია სასაქონლო ბაზრებისთვის. დაბალმა ფასებმა ნავთობზე შეიძლება მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა იქონიოს განვითარებად ქვეყნებზე და საფრთხე შეუქმნას აუცილებელ ინვესტიციებს კრიტიკული მნიშვნელობის მქონე ინფრასტრუქტურაში, რომელიც ხელს უწყობს გრძელვადიან ზრდას და ხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნას. საერთაშორისო თანამეგობრობამ ერთად უნდა მოახდინოს რეაგირება ამ პრობლემებზე ინტერვენციების მეშვეობით ენერგიის მრავალფეროვან წყაროებში, მდგრად ტრანსპორტში და ციფრულ ინფრასტრუქტურასა და სერვისებზე წვდომაში, რომელიც ადამიანებს მისცემს ინტერნეტთან დაკავშირების საშუალებას ასეთ რთულ პერიოდში. ეს გადამწყვეტი იქნება არსებითი სოციალური სერვისების მისაწოდებლად, სამუშაო ადგილების დასაცავად, ბიზნესის მხარდასაჭერად და სიცოცხლის გადასარჩენად“, - აღნიშნა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ინფრასტრუქტურის სფეროში მახტარ დიოპმა.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share