4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
13:02:13

წიგნის გამავრცელებელთა ასოციაცია წერილით მიმართავს საქართველოს მთავრობას, სადაც გაწერილია 9 პუნქტიანი გეგმა ქართული წიგნის ბაზრის გადასარჩენად

By: Admin
2020-05-04 13:50:16
204

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ მიმართა საქართველოს ღია მმართველობის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და საქართველოს მწერალთა სახლს ოფიციალური წერილით, სადაც გაწერილია 9 პუნქტიანი ანტიკრიზუსული გეგმა ქართული წიგნის ბაზრის გადასარჩენად.

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ მოიკვლია  ფინანსური ზარალი, რომელიც წიგნის სექტორს ბოლო თვენახევრის განმავლობაში მიადგა.  ზარალის ჯამურმა თანხამ ამ მცირე სექტორისთვის მასშტაბური ციფრი, 6 მილიონი ლარი შეადგინა. მაისის თვის პროგნოზით, ერთი თვის თავზე აღნიშნული თანხა გაორმაგდება და დაახლოებით 12 მილიონ ლარს შეადგენს.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე დაიხურა წიგნის მაღაზიები, გამომცემლებს, ფაქტობრივად, ჩამოერთვათ საქმიანობის უფლება, აპრილის დასაწყისში კი, მათ გადარჩენის ერთადერთი საშუალება, წიგნების ონლაინ გაყიდვაც აეკრძალათ. მიუხედავად იმისა, რომ 27 აპრილიდან ონლაინ ვაჭრობა საქართველოში ოფიციალურად აღდგა, დღემდე ბუნდოვანია ონლაინ ვაჭრობის აღდგენის ნებართვასთან დაკავშირებული პროცედურები.

ეს უმძიმესი სიტუაცია შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს ქართული საგამომცემლო ინდუსტრიისთვის, თუკი სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი და დროული ღონისძიებები და ფინანსური შეღავათები არ იქნება გათვალისწინებული.

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელბელთა ასოციაციამ წარადგინა 9 პუნქტიანი ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც ითვალისწინებს როგორც სპეციალურ ფინანსურ შეღავათებს, ასევე კონკრეტულ პროექტებს, რომელთა განხორციელებაც ქართული წიგნის ინდუსტრიის გადასარჩენად დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

გეგმის მომზადებას წინ ოცდაათამდე ქვეყანაში უკვე შექმნილი პრეცენდენტების შესწავლა უძღოდა, თუ როგორ, რა ფორმით დაეხმარა ესა თუ ის სახელმწიფო ადგილობრივ საგამომცემლო სექტორს და ან, რა საჭიროებების დაკმაყოფილება სთხოვა სხვადასხვა ქვეყნის საგამომცემლო სექტორმა საკუთარი ქვეყნის მთავრობას. ეს შედეგები მაქსიმალურად მოერგო ქართულ რეალობას.

Share