
საქართველოში რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებების რეესტრს „წარაფი“ დაემატა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, საქპატენტის მიერ, შესაბისი პროცედურების დასრულების შესაბამისად, ქართული ღვინის ახალი ადგილწარმოშობის დასახელებაზე „წარაფი“ ა(ა)იპ კარდენახის ღვინის სახელზე რეგისტრაციის მოწმობა გაიცა.
„საქპატენტის ექსპერტიზამ დაადასტურა აღნიშნული ღვინის განსაკუთრებულობა, რომელიც განპირობებულია გეოგრაფიული არეალითა და ზონით, ყურძნის დამუშავებით, ღვინის დამზადების წესით, კავშირით ღვინის განსაკუთრებულ ხარისხს, რეპუტაციასა და გეოგრაფიულ ადგილს შორის და სხვა მახასიათებლებით.
“წარაფის“ მიკროზონა მდებარეობს გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე, მზადდება მხოლოდ წარაფის მიკროზონაში მოწეული რქაწითელის ჯიშის ყურძნიდან, რომელსაც შეიძლება დაემატოს 15%-მდე კახური მწვანის და/ან ხიხვის ჯიშის ყურძენი. დაუშვებელია სხვა ჯიშების გამოყენება. აღსანიშნავია, რომ „წარაფი“ მზადდება მხოლოდ მწიფე ყურძნისაგან“, - ნათქვამია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.
“წარაფის” სრულ სპეციფიკაციას შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე:
http://www.sakpatenti.gov.ge/ka/state_registry/#
Share