
უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ბათუმში, უკრაინა-საქართველოს საინვესტიციო ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოვიდა.
პოროშენკო აჭარის ბიზნესფორუმის მონაწილეებს ქართულად მიესალმა და აღნიშნა, რომ ვიზიტის განმავლობაში, დარწმუნდა, ქართველებსა და უკრაინელებზე ახლოს ერთმანეთთან არავინაა.
"ეს ორი დღე იყო ყველაზე ნათელი ჩემს ცხოვრებაში. ჩვენ მივიღეთ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნების, პრეზიდენტების, მთავრობების ურთიერთობების უპირობო დადასტურება, არამედ ჩვენი ერების სტრატეგიული ურთიერთობის დასტურიც. ჩვენ მებრძოლი, მაგრამ ამავდროულად მშენებელი ქვეყნები ვართ. დღეს უკრაინა და საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერები არიან.
ჩვენ ჩავატარეთ ძალიან ბევრი რეფორმა და კარდინალურად შევცვალეთ ქვეყანა. უკრაინელებმა და ქართველებმა მიიღეს უვიზო მიმოსვლა. მაგრამ, მე გთხოვთ ძვირფასო მეგობრებო, არ გავამარტივოთ უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობა - ეს არ არის მხოლოდ შესაძლებლობა უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებისათვის გადაკვეთონ ევროკავშირის საზღვარი ბიომეტრიული პასპორტით, არა - ნუ ამარტივებთ ამას, ეს არის საბოლოო დამშვიდობება საბჭოთა კავშირთან და რუსეთის იმპერიასთან და ჩვენ ვბრუნდებით ევროპული ერების ოჯახში", - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.
უკრაინის პრეზიდენტმა საქართველო - უკრაინის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პოტენციალზე ისაუბრა და ინვესტორებსა და უკრაინელ ტურისტებს საქართველოს შესაძლებლობების აღმოჩენისაკენ მოუწოდა.
Share