-1.16 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-18  
09:15:12

თურნავა - როდესაც პრობლემის წინაშე დავდექით და ქვეყანას გაუჭირდა, პირველ რიგში, ჩვენ შემოვიჭირეთ ქამრები

By: Admin
2020-06-09 13:48:52
204

„ანტიკრიზისული ბიუჯეტი, რომელიც სწრაფად და ოპერატიულად შემუშავდა, სრულადაა მორგებული ჩვენს ანტიკრიზისულ საჭიროებებს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ბიუჯეტი უახლოეს პერიოდში დამტკიცდება“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, ბიუჯეტი სრულად მოიცავს ყველა იმ ღონისძიებას, რაც მთავრობის ანტიკრიზისული სტრატეგიის ფარგლებში იყო აქამდე გაჟღერებული. მისი თქმით, ბიუჯეტში ძირითადი აქცენტი კეთდება მოსახლეობის დახმარებაზე, დაზარალებული ბიზნესების მხარდაჭერაზე, ჯანდაცვის სფეროს გაძლიერებაზე.

„ჩვენ მნიშვნელოვანი ოდენობის რესურსის მობილიზება შევძელით ბიუჯეტში იმისთვის, რომ ანტიკრიზისული ღონისძიებები სრულად დაფინანსდეს. საუბარია 5 მილიარდ 600 მლნ ლარზე მეტ რესურსზე“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა საბიუჯეტო სახსრების ეკონომიის ოდენობას, რომელიც ანტიკრიზისულ ბიუჯეტში აისახა.

„ეკონომია არის უდიდესი - საუბარია 600 მლნ ლარზე და მეტზე. მათ შორის, შრომის ანაზღაურების მუხლში - მინუს 60 პროცენტი - ეს თანხა საჯარო სექტორმა დაიკლო, რაც სავსებით ადეკვატურია, რადგან როდესაც ასეთი პრობლემის წინაშე დავდექით და ქვეყანას გაუჭირდა, პირველ რიგში, ჩვენ შემოვიჭირეთ ქამრები. თუმცა მარტო ეს რესურსი ვერ იქნებოდა საკმარისი ასეთი გლობალური გამოწვევის დასაძლევად. დაფინანსება ძალიან სწრაფად და ოპერატიულად იქნა მობილიზებული, რაც აისახა კიდეც ბიუჯეტში“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. 

 

(NS)

Share