2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
19:03:54

იუსტიციის სახლებში დღეიდან მომხმარებლებს სერვისების საფასურის გადახდა „თიბისი ბანკის“ პოსტერმინალებით შეეძლებათ

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

დღეიდან, იუსტიციის სახლებში მისულ მოქალაქეებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სერვისების საფასურის გადახდა, განაცხადის მიმღებ ოპერატორთან, საბანკო პლასტიკური ბარათით შეეძლებათ.

შესაბამის ხელშეკრულებას იუსტიციის სახლს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და „თიბისი ბანკს“ შორის ხელი დღეს მოეწერა.

როგორც  ხელმოწერის შემდეგ იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა გივი აზაურაშვილმა აღნიშნა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა იმისთვის, რომ მომხმარებლის დრო დაიზოგოს.

„დღეიდან უკვე  იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში ნებისმიერი სერვისის გადახდა შესაძლებელია უშუალოდ ოპერატორთან. ჩვენთვის ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი ინიციატივა, იმიტომ რომ ჩვენი მოქალაქის ყოველი წუთი არის ძვირფასი ჩვენთვის. ახლა უკვე სამი, ოთხი წუთის დაზოგვა არის შესაძლებელი, რომელსაც ხარჯავდა ჩვენი მოქალაქე მომსახურების მიღების შემდგომ ბანკის სალაროში მისვლისას. ჩვენ  ამით კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ თუ რამდენად მნიშნელოვანია ჩვენი მოქალაქეების დრო ჩვენთვის და ვაჩვენებთ თუ რამდენად პროგრესულია იუსტიციის სახლი. ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ჭეშმარიტი ერთი ფანჯრის პრინციპის“,-განაცხადა აზაურაშვილმა.

„თიბისი ბანკის“  გენერალური დირექტორის მოადგილის, ნინო მასურაშვილის  თქმით, ბანკისთვის მნიშვნელოვანია იყოს იქ, სადაც მისი მომხმარებლებია.

„ჩვენ  წარმატებული თანამშრომლობა  გავაგრძელეთ იუსტიციის სახლთან და როგორც დავპირდით ჩვენს მომხმარებლებს, პოსტერმინალით გადახდა უკვე სამოქალაქო რეესტრის სერვისებზეც გავხადეთ შესაძლებელი. ამით მოქალაქეებს მაქსიმალური კომფორტი ექმნებათ, მათ უკვე შეუძლიათ მომსახურების საფასური პლასტიკური ბარათით ადგილზევე გადაიხადონ ოპერატორთან. უკვე აღარ არის საჭირო თანხის გადასახდელად ბანკის ფილიალში წასვლა და რიგში ჩადგომა. „თიბისი ბანკისთვის“ მნიშვნელოვანია ვიყოთ ყველგან, სადაც ჩვენი მომხმარებლები არიან, რათა  დავუზოგოთ მათ დრო და შევუქმნათ მაქსიმალური კომფორტი“,-აღნიშნა მასურაშვილმა.

საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართულებით მომუშავე თითოეული ოპერატორის სამუშაო მაგიდაზე „თიბისი ბანკი“ პოსტერმინალი განთავსდება, რაც მოქალაქეებისთვის მომსახურების მიღების პროცესს კიდევ უფრო სწრაფსა და კომფორტულს ხდის. 236 პოსტერმინალი იუსტიციის სახლს „თიბისი ბანკმა“ გადასცა. სიახლის დანერგვისთვის საჭირო პროგრამული კომპონენტი კი, სახელმწიფო სერვისების განვითარების სამსახურმა უზრუნველყო.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სერვისების მიმართულებით მომსახურების საფასურის გადახდა იუსტიციის სახლის 19-ვე ფილიალში, ნებისმიერი ტიპის საბანკო პლასტიკური ბარათითაა შესაძლებელი, რომლითაც  ანგარიშსწორება საქართველოს ტერიტორიაზეა დაშვებული.

აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სახლში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართულებით მომუშავე ოპერატორთან „თიბისი ბანკის“ პოსტერმინალები 2016 წლიდან არის განთავსებული.

მომსახურების საფასურის გადასახდელად მოქალაქეებს იუსტიციის სახლში არსებული ბანკის ფილიალებში მისვლა აღარ მოუწევთ. მათ შეუძლიათ თანხა უშუალოდ ოპერატორებთან ნებისმიერი ბანკის პლასტიკური ბარათით გადაიხადონ როგორც საჯარო, ისე სამოქალაქო სერვისების მიმართულებით.

 

(NS)

Share