
„აგვისტოში ჩვენ გავახანგრძლივებთ რეგულარული ფრენების დროებით აკრძალვას ყველა სხვა მიმართულებით, მაგრამ ეტაპობრივად ვზრდით რეგულარული ფრენების არეალს“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
მისი თქმით, ამის მიუხედავად რეგულარულ ფრენებს „ლუფთჰანზა“ და „ეარ ფრანსი“ განახორციელებენ.
„დღეს ჩვენ მივიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება და „ეარ ფრანსი“ აგვისტოს დასაწყისიდან, ზუსტ თარიღს თავად განსაზღვრავს, კვირაში ორ ფრენას განახორციელებს. ანუ მათ ექნებათ უფლება პარიზის აეროპორტიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირდაპირი ფრენა განახორციელონ. მიმდინარეობს მოლაპარაკება „ეარბალტიკთან“, თბილისი-რიგას მიმართულებით პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით.
აგვისტოში ჩვენ გავახანგრძლივებთ რეგულარული ფრენების დროებით აკრძალვას ყველა სხვა მიმართულებით, მაგრამ ეტაპობრივად ვზრდით რეგულარული ფრენების არეალს.
ასევე, გააგრძელებს „აირზენა“ კომერციულ ჩარტერებს, რასაც აქამდეც აკეთებდა. დაახლოებით 16 ფრენა ექნება, ანუ იმაზე მეტი, ვიდრე ჰქონდა ივლისში. ეს იქნება ვენა და ამსტერდამი. სხვა კომერციული ჩარტერებიც ჩვენთან შეთანხმებით და საკარანტინე სივრცეების უზრუნველყოფით პერიოდულად იქნება დაშვებული“, - განაცხადა თურნავამ.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share