4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
13:07:14

BAG ბიზნესის კლიმატის ინდექსმა აღმასვლის მეოთხედში გადაინაცვლა

By: Admin
2020-08-05 14:33:40
204

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ბიზნეს კლიმატის ინდექსმა „რეცესიის“ მეოთხედიდან „აღმასვლის“ მეოთხედში გადაინაცვლა, - ამის შესახებ განცხადებას BAG ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ასოციაციის წევრებმა თავიანთი მიმდინარე მდგომარეობა კვლავ უარყოფითად, თუმცა მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი პოზიტიურად შეაფასეს.

„2020 წლის მეორე კვარტლის დასასრულს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ბიზნეს კლიმატის ინდექსმა „რეცესიის“ მეოთხედიდან (ნეგატიური მიმდინარე მდგომარეობა, ნეგატიური მოლოდინი) „აღმასვლის“ მეოთხედში (ნეგატიური მიმდინარე მდგომარეობა, პოზიტიური მოლოდინი) გადაინაცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ ივნისის ბოლოს ჩატარებული გამოკითხვისას ასოციაციის წევრებმა თავიანთი მიმდინარე მდგომარეობა კვლავ უარყოფითად, თუმცა მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი პოზიტიურად შეაფასეს. კერძოდ, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის მაჩვენებელმა -12.3 ქულა, ხოლო ბიზნესის მოლოდინის მაჩვენებელმა _ 12.2 ქულა შეადგინა. მიმდინარე მდგომარეობის ნეგატიური შეფასების მიუხედავად, მეორე კვარტლის ბოლოს ჩატარებული კვლევის შედეგები გაუმჯობესებულია აპრილთან შედარებით, როცა მიმდინარე მდგომარეობა მკვეთრად ნეგატიურად (-44.5 ქულით) შეფასდა. საგრძნობლად არის გაუმჯობესებული მომდევნო ექვსი თვის მოლოდინიც. კერძოდ, აპრილში ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე, ასოციაციის წევრების მოლოდინის საშუალომ -47.4 ქულა შეადგინა“, - განცხადეს BAG-ში.

ცნობისთვის, BAG ბიზნეს კლიმატის ინდექსი, რომელიც გამოითვლება BAG-ის წევრი კომპანიების გამოკითხვის საფუძველზე, აღწერს მიმდინარე მდგომარეობას და ბიზნესის მოლოდინებს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში. BAG ბიზნეს კლიმატის ინდექსი წარმოადგენს მიმდინარე მდგომარეობას და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინების საბალანსო მნიშვნელობების საშუალოს.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share