
„ფიტჩის“ რეიტინგის შენარჩუნება არის ძალზე ძლიერი მესიჯი საერთაშორისო გარემოსთვის, რომ საქართველოს ეკონომიკა ჯანსაღია და სწრაფი აღდგენის პერსპექტივები აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა საკმაოდ ეფექტიანად ებრძვის პანდემიას, ვირუსის გავრცელებას, ეკონომიკური კრიზისი მაინც ყოველდღიურობის სერიოზული კომპონენტი რჩება.
„ეკონომიკური კრიზისის მიმართულებით მუშაობა, ბრძოლა ერთობლივად მოგვიწევს რამდენიმე წლის განმავლობაში, რომ ეკონომიკის შესანიშნავი მაჩვენებლები, რომლითაც დავიწყეთ 2020 წელი და 2019 წელი დავასრულეთ, რაც შეიძლება სწრაფად აღვადგინოთ. აქ უნდა გვახსოვდეს ერთი რამ, კრიზისთან ბრძოლა არის კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ გავაგრძელოთ სტრუქტურული რეფორმები ეკონომიკის. ეს გვაძლევს შესაძლებლობას სწრაფად გამოვიდეთ და გამოვიყენოთ ეს კრიზისი, როგორც შესაძლებლობა, თითოეული ჩვენი ბიზნესმენის, მეწარმის, ქართული ეკონომიკისთვის. ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ამ რეფორმების და ანტიკრიზისული გეგმების განხორციელების დროს, ჩვენი ძირითადი მიზანი არის ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა, რაც აღნიშნული იყო საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების მიერ და გლობალური კრიზისის პირობებში. სააგენტო „ფიტჩის“ მიერ, საქართველოს რეიტინგი იქნა შენარჩუნებული უცვლელად ხაზგასმით ვამბობ, გლობალური კრიზისის პირობებში. ასეთი ქვეყნები ბევრი არ არის, რაც პირდაპირ ადასტურებს საქართველოს მთავრობის და ხელისუფლების გონივრულ, ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც რა თქმა უნდა შევიმუშავეთ, ჩვენს საერთასორისო პარტნიორებთან ერთად“, – განაცხადა პრემიერმა.
Share