4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
13:04:00

თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალი 22-27 სექტემბერს ჩატარდება

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 22-27 სექტემბერს, „ექსპო ჯორჯიაში" თბილისის XXII წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ყველა რეგულაციის დაცვით ჩატარდება, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" "თიბისიდან" აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, პოსტპანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, ფესტივალის მიმდინარეობის პერიოდი გახანგრძლივდა და საგამოფენო სივრცე ტრადიციული 4 დღის ნაცვლად 6 დღის განმავლობაში უმასპინძლებს მსურველებს. აღნიშნული ცვლილება აუცილებელია ფესტივალზე მაქსიმალურად ბევრი მკითხველის მისაღებად, ვინაიდან „ექსპო ჯორჯიას" მე-11 პავილიონში ერთდროულად დასაშვები ადამიანების რაოდენობა შეზღუდული იქნება. სტუმრობის მსურველთათვის კი წინასწარი რეგისტრაციის სისტემა იარსებებს.

"ფესტივალი მომხმარებელს წიგნების შეძენის ტრადიციული ფორმის გარდა, ახალ შესაძლებლობებსაც სთავაზობს: ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში, წიგნების უშუალოდ გამომცემლობების სტენდებზე შეძენა; ექსპო ჯორჯიას ეზოში, მე-11 პავილიონის მიმდებარე ტერიტორიაზე (პავილიონში შესვლის გარეშე), წინასწარ შერჩეული წიგნების  გამომცემლობების ოპერატორებთან შეძენა; წიგნების შეძენა ონლაინ რეჟიმში, სახლიდან გაუსვლელად, საქართველოს წიგნის გამომცემლეთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ვებ-გვერდზე - წწწ.გპბა.გე

ფესტივალზე მონაწილეობის მისაღებად 40-ზე მეტი გამომცემლობა დარეგისტრირდა. თითოეული მონაწილე ტრადიციულად სპეციალურ საფესტივალო ფასდაკლებას შესთავაზებს მკითხველებს.

ფესტივალის ლიტერატურულ-საგამომცემლო პროგრამისთვის მთავარი სცენა „ექსპო ჯორჯიას" ეზოში, ღია ცის ქვეშ განთავსდება და ექვსივე საფესტივალო დღის განმავლობაში სრულად იქნება დატვირთული. ფესტივალის პროგრამა მოიცავს ახალი წიგნების პრეზენტაციებსა და ქართველ მწერლებთან შეხვედრებს; უცხოელი ავტორების ვიდეოჩართვებს; საბავშვო პროგრამას; საგამომცემლო-პროფესიულ პროგრამას და სხვა. ფესტივალზე დასწრების შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს ექნება.

ფესტივალის ორგანიზატორებმა უკვე მიიღეს ყველა აუცილებელი ინსტრუქცია ჯანდაცვის სამინისტროსგან.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მეგობარია თიბისი, რომლისთვისაც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი განათლებასთან და ლიტერატურასთან დაკავშირებული ინიციატივებისა და პროექტების ხელშეწყობაა.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მხარდამჭერები არიან თბილისის მერია და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და  მწერალთა სახლი", - აღნიშნულია "თიბისის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

(R)

Share