3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:37:15

საქართველოს ეროვნული ბანკი 2020 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშს აქვეყნებს

By: Admin
2020-09-30 14:02:04
204

”საქართველოს ფინანსური სისტემა COVID-19 პანდემიით გამოწვეულ შოკს მომზადებული შეხვდა და მდგრადობას ინარჩუნებს”, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკი თავის მიერ გამოქვეყნებულ ფინანსური სტაბილურობის შესახებ ანგარიშში აქვეყნებს.

 მისივე განცხადებით, წინა პერიოდებში ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულმა დამატებითი კაპიტალის მოთხოვნებმა და კომერციული ბანკების მიერ მიღებულმა მოგებამ ბანკებს საშუალება მისცა სტრესულ სიტუაციასთან გასამკლავებლად საკმარისი კაპიტალის ბუფერები დაეგროვებინათ.

 ამასთანავე, კრიზისამდელ პერიოდში ეროვნულმა ბანკმა შინამეურნეობების ჭარბვალიანობისა და სესხების დოლარიზაციის შემცირების მიზნით რიგი მაკროპრუდენციული ზომები გაატარა.

 „აღნიშნულმა ხელი შეუწყო არაფინანსურ სექტორში არსებული მოწყვლადობის შემცირებას და გაზარდა ფინანსური სისტემის მდგრადობა შოკების მიმართ.

გარდა ამისა, გასულ წლებში ლიკვიდობის გადაფარვისა და წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტების დაწესებით ეროვნულმა ბანკმა ბაზრის ლიკვიდობის უზრუნველყოფასა და ბანკების დაფინანსების წყაროების სტაბილურობას შეუწყო ხელი.

შედეგად, ქვეყნის ფინანსური სექტორი ჯანსაღია და COVID-19-ის შედეგად გამოწვეული შოკების მიტიგაციისთვის კაპიტალისა და ლიკვიდობის საკმარისი ბუფერები აქვს დაგროვებული.

მდგრადია მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სექტორიც, რომელსაც, ასევე, პრუდენციული მოთხოვნები დაუწესდა. პანდემიის შედეგად მოსალოდნელია უმოქმედო სესხების წილის

ზრდა, თუმცა კომერციულმა ბანკებმა წინმსწრებად შექმნეს რეზერვები შესაძლო დანაკარგებისთვის. შესაბამისად, ფინანსურ სექტორს საკმარისი რესურსი აქვს იმისათვის, რომ ეკონომიკის დაკრედიტება შეუფერხებლად გაგრძელდეს“, - წერია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

Share