2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:58:53

კობა გვენეტაძე - საქართველოს ფინანსური სექტორი პანდემიურ კრიზისს კარგად მომზადებული შეხვდა

By: Admin
2020-10-21 11:55:06
204

საქართველოს ფინანსური სექტორი პანდემიურ კრიზისს კარგად მომზადებული შეხვდა, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის დირექტორმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, რამდენიმე გამოწვევის წინაშე იყვნენ, პირველი, იცოდნენ, რომ საბანკო სექტორი ჯანსაღი იყო, მაგრამ შოკის სიდიდე გაურკვეველი იყო. მეორე, ბაზარზე იყო ნდობის შოკი, რასაც ეკონომიკის დაკრედიტების შეფერხება და შოკის გაძლიერება შეეძლო. მესამე, არსებობდა მაღალი საოპერაციო რისკი, რაც უკავშირდებოდა პანდემიის განვითარების დაუდგენელ ტემპს, ჩაკეტვასა (lockdown) და, შესაბამისად, ადამიანური რესურსის შეზღუდვას როგორც მარეგულირებლისთვის, ასევე ფინანსური სექტორისთვის.

„ამ გამოწვევების საპასუხოდ, ჩვენ შევიმუშავეთ დროებითი საზედამხედველო გეგმა, რომელმაც ჩაკეტვის პერიოდში კრედიტორებს საგრძნობი მოცულობის სესხის მომსახურების გადავადების და, ამავდროულად, რეალური სექტორის დაკრედიტების გაგრძელების საშუალება მისცა, - აღნიშნა გამოსვლისას კობა გვენეტაძემ. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ "პანდემიის პირობებში მონეტარული პოლიტიკის შერბილების პარალელურად, ლიკვიდობის მიწოდების დამატებითი ინსტრუმენტები ამოქმედდა, როგორიცაა სავალუტო სვოპი ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, ასევე მცირე და საშუალო საწარმოების დაკრედიტების მხარდამჭერი ინსტრუმენტი. ამასთან, ადგილობრივი ვალუტისთვის ლიკვიდურობის გადაფარვის კოეფიციენტი შემსუბუქდა“, - განაცხადა გვენეტაძემ.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share